განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117001838146
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №342აპ-18 ქ. თბილისი
შ------ა რ-----, 342აპ-18 13 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლევან ფიფიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- შ------ას ბრალი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 17 თებერვალს ქ. თ---–--–ი, ო--------–-ს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- შ------ამ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,2678 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ (მარილს), რაც იმავე დღეს ამოიღეს ქ. თ---–--–ი, ო--------–-ს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით რ----- შ------ა, - დაბადებული 1--- წელს, - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ რ----- შ------ას განემარტა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ----- შ------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ლევან ფიფიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და რ----- შ------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა საქმეზე ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილ ფუძემდებლურ პრინციპს, რომ ყოველი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით (მაშასადამე, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ რ----- შ------ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილებულად არ მიიჩნია.
10. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის თანახმად, ზემომითითებული გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლევან ფიფიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე