განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
330100117002165711
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002165711

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№310აპ-18 12 ნოემბერი, 2018 წელი

მ--------- ა--------, 310აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-------- მ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- ბ------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ა-------- მ---------, - დ----------–-------–-–----------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

2. ა-------- მ---------ს მსჯავრად დაედო ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

კ------ მ---------მ სს „ქ--------–------------დან“ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თ---–--–ი, გ-----------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. სესხის არაჯეროვნად გადახდის გამო მოხდა აღნიშნული ბინის რეალიზაცია და იგი დარეგისტრირდა სს „ქ--------–------------ს“ საკუთრებად. გამოსახლების შემდეგ, 2017 წლის 7 ივნისს, ამ ბინაში მცხოვრები კ------ მ---------ს ოჯახის წევრები ინფორმირებულები იყვნენ, რომ უძრავი ქონება ეკუთვნოდა სს „ქ--------–----------ს“ და მასში შესვლის უფლება მათ არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, კ------ მ---------ს დედამ - ა-------- მ---------მ 2017 წლის 7 ივნისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში (ზუსტი დრო უცნობია) შეამტვრია - უკვე სს „ქ--------–------------ს“ კუთვნილი საცხოვრებელი ბინის კარი, შევიდა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და დღემდე ცხოვრობს უკანონოდ იქ.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-------- მ---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ---- ბ------ემ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის ნაკლებად მკაცრი სასჯელის, ჯარიმის 500 ლარით განსაზღვრა, ვინაიდან მსჯავრდებული ფაქტობრივად 80 წელს მიღწეულია, არის ინვალიდი. ამასთან, პენსიონერისათვის 1000 ლარი ჯარიმა ზედმეტად მკაცრია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა-------- მ---------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და ამასთანავე, დაცვის მხარეს ა-------- მ---------ს ბრალეულობის ნაწილში გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს.

 

2. რაც შეეხება სასჯელს (ჯარიმა - 1000 ლარი), საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ ადვოკატის მოთხოვნა საფუძვლიანია, მისი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, კერძოდ: საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ქმედების განხორციელების სახეს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიუთითებს:

 

3. ა-------- მ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია; რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. იგი არის პენსიონერი, კერძოდ, 77 წლის, ნასამართლობის არმქონე. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის ეკონომიკურ მდგომარეობას. როგორც ა. მ---------ს დაკითხვის ოქმით დგინდება, მის ოჯახს ჰქონდა ვალი, რის გამოც საცხოვრებელი ბინა იპოთეკით დატვირთეს, თუმცა, სესხის არაჯეროვნი დაფარვის გამო, ბინა სს „ქ--------–------------ს“ საკუთრებად დარეგისტრირდა. როდესაც მსჯავრდებული საავადმყოფოდან გამოწერეს, გამოსახლების მიუხედავად, იგი „თავის“ სახლში დაბრუნდა. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულს მისი ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი სასამართლოში არ წარუდგენია, მაგრამ თავად ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე ნათელია, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა მძიმეა. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ჯარიმის შემცირებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-------- მ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მისთვის განსაზღვრული სასჯელი უნდა შემცირდეს მინიმუმადე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა-------- მ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- ბ------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. ა-------- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარი.

 

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე