განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802218002682948
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№34I-18 ქ. თბილისი
შ--------ი ზ--–--, 34I-18 7 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ თემურ ცინდელიანის
ადვოკატ _ გ------- ყ---–-–---–ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ზ--–-- შ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ყ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ------ის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2016 წლის 28 მარტს რ------ის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის კ--–---ის ოლქის საგამოძიებო სამმართველომ ზ. შ--------ის მიმართ გამოიტანა საბრალდებო დასკვნა, მის მიერ რ------ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 291.1-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მექრთამეობაში შუამავლობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
2016 წლის 8 ივლისს რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ზ. შ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ რ------ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 291.1-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მექრთამეობაში შუამავლობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
2016 წლის 11 ივლისს რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ზ. შ--------ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2016 წლის 28 ნოემბერს რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით, რ------ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, ცვლილება შევიდა კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ ზ. შ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.
2016 წლის 28 ნოემბერს რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით გაუქმდა კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის დადგენილება ზ. შ--------ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაიგზავნა კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოში.
2017 წლის 13 იანვარს რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ზ. შ--------ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2017 წლის 27 იანვარს ზ. შ--------ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.
2. მოწოდებული მასალების თანახმად, ზ. შ--------ის მიერ რ------ის ფედერაციაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის აპრილში რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის ქ. ო------ის პროკურატურამ ჩაატარა შპს ,,ბ------–----ს“ მიერ შრომითი კანონმდებლობის დაცვის თაობაზე შემოწმება, რის საფუძველზეც ქ. ო------ის პროკურორის მოადგილის - მაქსიმ კ-----------ის დადგენილებით რ------ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შპს ,,ბ------–----ს“ გენერალური დირექტორის - ა. მ-----ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, 2015 წლის 18 მაისს შემოწმების მასალები გადაიგზავნა რ------ის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის კ--–---ის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს ქ. ო------ის საგამოძიებო ნაწილში.
2015 წლის 18 მაისამდე დროის მონაკვეთში ქ. ო------ის პროკურატურის მძღოლის - მ------- კ------------ათვის ცნობილი გახდა შპს ,,ბ------–----ს“ გენერალური დირექტორის - ა. მ-----ის საწარმოს შემოწმების შედეგებით დაინტერესების შესახებ, რის თაობაზეც მ. კ----------მა აცნობა ქ. ო------ის პროკურორის თანაშემწეს - ზ. შ--------ს, ხოლო მან თავის მხრივ 2015 წლის 18 მაისს ეს ინფორმაცია მიაწოდა მ. კ-----------ს. აღნიშნულის შემდეგ, მ. კ-----------ს გაუჩნდა დანაშაულებრივი განზრახვა - ქრთამის აღების სანაცვლოდ არ შეესრულებინა მის უფლებამოსილებაში შემავალი ქმედება, კერძოდ, ა. მ-----ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადაწყვეტის მიზნით არ ჩაეტარებინა მასთან დაკავშირებული წინასაგამოძიებო შემოწმება. იმავე დღეს, 2015 წლის 18 მაისს, ზ. შ--------მა დახმარება შესთავაზა მ. კ-----------ს ა. მ-----თან მოლაპარაკების წარმოებაში, ქრთამის ოდენობის შეთანხმებასა და მისთვის გადაცემაში, რასაც მ. კ-----------ი დასთანხმდა. ამასთან, მ. კ-----------მა ზ. შ--------ს არ შეატყობინა, რომ შემოწმების მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, იმ დროისათვის უკვე გადაგზავნილი იყო საგამოძიებო ორგანოში.
იმავე დღეს ზ. შ--------მა აცნობა მ. კ----------ს მ. კ-----------თან გამართული საუბრის შესახებ, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს გაუჩნდათ ერთობლივი დანაშაულებრივი განზრახვა მ. კ-----------ისთვის ქრთამის აღებაში შუამავლობის გაწევის თაობაზე. ამასთან, მათ შორის განაწილებული დანაშაულებრივი როლების შესაბამისად, მ. კ----------ს დაევალა ა. მ-----ის ინფორმირება იმის შესახებ, რომ ქ. ო------ის პროკურატურის თანამდებობის პირები ქრთამის სანაცვლოდ არ ჩაატარებდნენ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით წინასაგამოძიებო შემოწმებას და ასევე, დაევალა შეეთანხმებინა ქრთამის ოდენობა, მიეღო იგი და გადაეცა ზ. შ--------ისთვის, ხოლო ზ. შ--------ს დაევალა მ. კ-----------ისათვის ეცნობებინა, იყო თუ არა ა. მ-----ი თანახმა, ქრთამი გადაეხადა, ასევე, მ. კ-----------თან შეეთანხმებინა ქრთამის ოდენობა და იგი გადაეცა მისთვის.
აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ქ. ო------ში, ლენინის გამზირზე, ა. მ-----სა და მ. კ----------ს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, ამ უკანასკნელმა ა. მ-----ს აცნობა, რომ პროკურატურის თანამშრომლებისათვის 200 000 რუსული რუბლის ქრთამის გადაცემის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, არ ჩატარებულიყო წინასაგამოძიებო შემოწმება, რასაც ა. მ-----ი დასთანხმდა. მომდევნო დღეს მ. კ----------მა ა. მ-----თან გამართული მოლაპარაკების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ზ. შ--------ს, ხოლო, თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა იმავე დღეს ხსენებული ინფორმაცია ქ. ო------ის პროკურატურის შენობაში მიაწოდა მ. კ-----------ს, რომელიც დათანხმდა 200 000 რუსული რუბლის ქრთამის სახით აღებას.
ამასთან, მ. კ-----------მა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანისა და აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნილი მასალის უკან გამოხმობის მიზნით, დაარწმუნა ქ. ო------ის პროკურორი დ. ჩუმაკი, რომელიც არ იყო ინფორმირებული მ. კ-----------ის დანაშაულებრივი განზრახვის თაობაზე, რომ შპს ,,ბ------–----ს“ შემოწმების მასალები შეცდომით გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოში და რომ კომპანიის დირექტორ ა. მ-----ის ქმედებებში არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის შემდეგაც ქ. ო------ის პროკურორმა გასცა მითითება დამატებითი შესწავლის მიზნით, საგამოძიებო ორგანოდან მასალების პროკურატურაში დაბრუნების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, 2015 წლის 20 მაისს, შემოწმების მასალები გამოხმობილ იქნა საგამოძიებო ორგანოდან, რის შემდეგაც იგი გადაეცა მ. კ-----------ს.
მოგვიანებით, 2015 წლის 22 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ. კ----------ი ქ. ო------ში შეხვდა ა. მ-----ს და ავტომანქანაში მისგან შემდგომში ზ. შ--------ის მეშვეობით მ. კ-----------ისთვის ქრთამის სახით გადასაცემად მიიღო შეთანხმებული თანხა - 200 000 რუსული რუბლი, რის შემდეგაც დაახლოებით 17:15 საათზე, კ--–---ის ოლქის ქ. ბალაბანოვოში, ხსენებული ავტომანქანა, რომელშიც იმყოფებოდნენ მ. კ----------ი და ა. მ-----ი, შეაჩერეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, რითიც აღიკვეთა მ. კ------------ დანაშაულებრივი საქმიანობა. იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, კ--–---ის ოლქის ბ---------ის რაიონში, ბ----------–--------------ში მდებარე რესტორნის მახლობლად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაგეგმილ ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობის ფარგლებში, მ. კ----------ი შეხვდა ზ. შ--------ს მისთვის 200 000 რუსული რუბლის გადაცემის მიზნით, რის შემდეგაც ზ. შ--------ის დანაშაულებრივი საქმიანობა აღკვეთეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა.
აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის 23 მაისს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქ. მ-------ში, ტ-----–-ის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაგეგმილ ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობის ფარგლებში, ზ. შ--------მა ავტომანქანაში მ. კ-----------ს გადასცა შეთანხმებული ქრთამის თანხა -200 000 რუსული რუბლი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა.
3. 2018 წლის 30 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ------ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ზ. შ--------ი.
4. 2018 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ზ. შ--------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2018 წლის 11 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ზ. შ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 3 მაისის განჩინების შეცვლის თაობაზე.
6. 2018 წლის 8 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ზ. შ--------ის ექსტრადიციის თაობაზე რ------ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
7. 2018 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ზ. შ--------ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 30 ოქტომბრამდე.
8. 2018 წლის 31 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ზ. შ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 27 ივლისის განჩინების შეცვლის თაობაზე.
9. 2018 წლის 13 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რ------ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ზ. შ--------ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 30 აგვისტოს.
10. 2018 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ზ--–-- შ--------ის რ------ის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენის აღსრულების მიზნით, რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ზ--–-- შ--------ის რ------ის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენის აღსრულების მიზნით, რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ზ. შ--------ისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 30 იანვრამდე.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ზ--–-- შ--------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ყ---–-–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადგინდა რ------ის ფედერაციაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი; ზ.შ--------ის რ------ის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება დევნას; ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია იმასთან დაკავშირებით, რომ ზ.შ--------ი სასჯელს მოიხდის უსაფრთხო პირობებში და მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას; ზ.შ--------ი იყო პროკურორის თანაშემწე რ------ის ფედერაციაში, ქვეყანაში, სადაც კორუფციის ინდექსი საკმაოდ მაღალია და იგი დააპატიმრეს სწორედ კორუფციისთვის, ,,შეუკერეს“ საქმე, რათა მოეცილებინათ თავიდან; მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზ.შ--------ი არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ და გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კონვენციის მოთხოვნებს; ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ზ.შ--------მა მიმართა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მიღების თაობაზე და გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, შესაბამისად, დავა დასრულებული არ არის; ზ. შ--------ს აქვს ხერხემლის მალების სერიოზული დაზიანება, რ------ის ფედერაცია კი არ უზრუნველყოფს შ--------ის მიმართ შესაბამის სარეაბილიტაციო და საოპერაციო პროცედურებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რ------ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ზ. შ--------ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 30 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ზ. შ--------ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ რ------ის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ზ. შ--------ის ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს რ------ის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, EctHR, 72-73).
6. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზ. შ--------ი არ იყო ინფორმირებული სასამართლო პროცესების შესახებ, რაც შეუსაბამოა კონვენციის მე-6 მუხლთან, ვინაიდან რ------ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, მთელი სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში ზ. შ--------ი მონაწილეობდა უშუალოდ, ასევე - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით. გარდა ამისა, 2016 წლის 6 ივლისს ზ. შ--------მა სასამართლოში წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რა დროსაც მას მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლოს მომდევნო სხდომის გამართვის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მომდევნო სხდომაზე - 2016 წლის 8 ივლისს ზ. შ--------ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრა ზ. შ--------ის მიერ არჩეულმა ადვოკატმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში უზრუნველყოფდა ზ. შ--------ის ინტერესების დაცვას. ამდენად, ზ. შ--------ის რ------ის ფედერაციაში ექსტრადიცია არ არის შეუსაბამო ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან.
7. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ზ. შ--------ს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდება შეთხზულია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ზ--–-- შ--------ის ბრალეულობის საკითხს.
8. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საკითხის განხილვას არ აბრკოლებს ასევე ის ფაქტი, რომ ზ. შ--------ის მიერ ლტოლვილის სტატუსის მიღების თაობაზე უარი გასაჩივრებულია სასამართლოში, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას (სუსგ №17I-15, №7I-16).
9. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ რ------ის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ზ. შ--------ის რ------ის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის პერიოდში ზ. შ--------ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას და ასევე, რ------ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ზ. შ--------ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, რ------ის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული გარანტიის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში რ------ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები ზ. შ--------ს გაუწევენ სათანადო სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ზ--–-- შ--------ის რ------ის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის ო------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენის აღსრულების მიზნით, რ------ის ფედერაციის კ--–---ის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ზ--–-- შ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ყ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე