განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100117002343113
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№298აპ-18 ქ. თბილისი
ჩ------–---–ი თ-----, 298აპ-18 15 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- ჩ------–---–ს, - დ----------–-------–--–---- ბრალად წარედგინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ ვ--ში, ს---–------ მ-----ის ქ. N4--ში მცხოვრებმა თ----- ჩ------–---–მა ურთიერთშორის წარმოშობილი კამათისა და ჩხუბის დროს, განაწყენების ნიადაგზე, მის სახლში მყოფ სიძის - თ------ მ--------ის დედას - თ--- ძ---–--ეს კაბაში მოქაჩვით ჩადენილი სხვაგვარი ძალადობით მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2 სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით თ----- ჩ------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვლადიმერ ურუმაშვილმა და ითხოვა გამართლებულ თ----- ჩ------–---–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ----- ჩ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც თ----- ჩ------–---–ის ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის - დაზარალებულ თ--- ძ---–--ისა და მოწმეების: თ----- ძ---–--ის, თ------ მ--------ის, ნ---–- გ------ის, ლ-–- ბ----–---–ის ჩვენებები, სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც დაადასტურებდა თ----- ჩ------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენას.
8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ კაბაზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ქსოვილის გლეჯისა და ხევის სახით, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - თ--- ძ---–--ის სხეულზე დაზიანებების არსებობა. ის ფაქტი, რომ კაბის მოქაჩვის შედეგად ეს დაზიანებები დაზარალებულს თ----- ჩ------–---–მა მიაყენა, სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. რაც შეეხება დაზარალებულ თ--- ძ---–--ისა და მოწმე თ----- ძ---–--ის ჩვენებებს, ისინი ვერ გახდება თ----- ჩ------–---–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან კაბის ჩამოხევის ფაქტს არ ადასტურებს არცერთი ნეიტრალური მოწმე, უფრო მეტიც, მოწმე ნ---–- გ------ის ჩვენებით, თ--- ძ---–--ემ განაცხადა, რომ თუ თ-----ი პოლიციაში დარეკავდა და მისი შვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, მასაც შეეძლო თ-----ისთვის ,,ცუდის გაკეთება.“
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე