განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001370540
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№371აპ-18 ქ. თბილისი
შ-----–-ა ლ------, 371აპ-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ------ შ-----–-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ქ--------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით ლ------ შ-----–-ა, –-------------–-------–-–-------------- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------ შ-----–-ამ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:
· საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2004 წლის 12 აგვისტოს განკარგულებით ლ------ შ-----–-ას სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის (მდებარე: თ---–--–ი, დ----ის მ-----, მე-- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №4-) განმეორებით საჯარო აუქციონზე 2004 წლის 12 აგვისტოს მფლობელი გახდა და------- ც------–--ე. 2009 წლის 6 ნოემბერს აღნიშნული ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა კ---- ბ-------ემ.
· 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ლ------ შ-----–-ა კ---- ბ-------ის კუთვნილ, თ---–--–ი, დ----ის მ-----ს მე-- კვარტლის მ--- კორპუსის №4--ე ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა, რითაც დაარღვია კ---- ბ-------ის ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენის გაუქმებასა და ლ------ შ-----–-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ, მართალია, ლ------ შ-----–-ას ქმედება ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ თავისი შინაარსით იმდენად უმნიშვნელოა, რომ დანაშაულს არ წარმოადგენს.
6. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. კასატორი ითხოვს ლ------ შ-----–-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია ლ------ შ-----–-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: მოწმეების – კ---- ბ-------ის, მ----- ღ-------ის, გ---–- გ------ას, რ----- შ-----–-ას, თავად ლ------ შ-----–-ას გამოკითხვის ოქმებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 12 აგვისტოს განკარგულებით, 2009 წლის 6 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ლ------ შ-----–-ამ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ------ შ-----–-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ქ--------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე