განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100116002248823
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N314აპ-18 ქ. თბილისი
ო------ ა-–----------, 314აპ-18 19 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-–---------- ო-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–----- ბ----------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა-–---------- ო------, - დ----------–-------–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. ა-–---------- ო------ს დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზში აღეკვეთა თავისუფლება და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ნოემბრის 12:17 საათიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 30 აგვისტოდან იმავე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ა-–---------- ო-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტან პირს განაჩენის გამოცხადებიდან ერთ თვეში უნდა დაუბრუნდეს შეტანილი გირაოს თანხა - ათასი ლარი.
2. ა-–---------- ო------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ------ის რაიონის სოფელ მ---------ში, დანით შეიარაღებული ა-–---------- ო------ თავს დაესხა ა----- ჩ---–--------ს (თავის კუთვნილ მაღაზიაში) და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ლუდი, მაგრამ ა----- ჩ---–--------მა გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ა-–---------- ო-----ის ინტერსების დამცველის, ადვოკატ ა-–----- ბ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა-–---------- ო-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გავრცელებას. კასატორის მითითებით, ა-–---------- ო------ ამ ეტაპისათვის თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, რასაც გულწრფელად ინანიებს; იგი არის შეზღუდული შერაცხადი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა-–---------- ო------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და ამასთანავე, დაცვის მხარეს ა-–---------- ო-----ის ბრალეულობის ნაწილში გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს.
2. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა, კერძოდ:
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად საკასაციო პალატა მიიჩნევს ა-–---------- ო-----ის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას. ამასთან, იგი არ არის ნასამართლევი. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის აშლილობით და დანაშაულის ჩადენის დროს, იგი იყო შეზღუდული შერაცხადი; ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ------ის რაიონული განყოფილების 2016 წლის 9 სექტემბრის წერილის მიხედვით, ა-–---------- ო------ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
4. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ა-–---------- ო------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ამასთანავე, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, ა-–---------- ო-----ის მიმართ უნდა გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი შეღავათი.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა-–---------- ო-----ის ინტერესების დამცველის საჩივრის მოთხოვნა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გავრცელების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა-–---------- ო-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–----- ბ----------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა-–---------- ო------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ა-–---------- ო------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ნოემბრის 12:17 საათიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 30 აგვისტოდან იმავე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
5. ა-–---------- ო-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს - ე----- ბ-------ს (პირადი ნომერი: 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა ათასი ლარი.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე