განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100117002359346
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№343აპ-18 ქ. თბილისი
ე------ გ-------, 343აპ-18 26 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ე------ს, --------------–-------–--–---- ბრალად წარედგინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (2016 წლის 2 ნოემბერისა და 2017 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდები).
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 2 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. ზ--------ში, გ----------ის ქუჩაზე, გ------- ე------მ ქონებრივ დავასთან დაკავშირებით განაწყენების საფუძველზე ყოფილი მეუღლის - ნ----- გ-------ას მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ - მუშტი ჩაარტყა მარცხენა მკლავზე და წიხლი დაარტყა მარჯვენა ფეხზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ--------ში, ს----–--ის ქუჩაზე მდებარე №4-ა საცხოვრებელ სახლთან, გ------- ე------მ ქონებრივ დავასთან დაკავშირებით განაწყენების საფუძველზე თავისი ოჯახის წევრის - დედის მ----- ს--------- მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მკლავში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენით გ------- ე------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------- ე------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 150 საათით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გივი გოცაძემ და ითხოვა გ------- ე------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა გ------- ე------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. კასატორის პოზიციით, გ------- ე------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობითა და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გამოყენებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი გ------- ე------ს ბრალეულობასთან მიმართებით (2016 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
10. პროკურორი გივი გოცაძე საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გამოყენებით. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე შეუფარდა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე