განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802218002736105
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№37I-18 ქ. თბილისი
ფ------------ ა--------, 37I-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - გ--–- ნ-----–--–---–ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა-------- ფ------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს-------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2016 წლის 25 თებერვალს ს-------ის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის, მ--–--------------ის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ა.ფ------------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა.ფ-----------ს ბრალად ედება ს-------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. იმავე დღეს (2016 წლის 25 თებერვალს) ს-------ის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის მ--–--------------ის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ა.ფ------------ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. 2016 წლის 26 თებერვალს ქ.ე-----ის მ--–--------------ის ადმინისტრაციული რაიონის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ა.ფ-----------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 2 - თვიანი პატიმრობა. 2017 წლის 25 ოქტომბრიდან ა.ფ------------ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ფ------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 30 მაისს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე, ს-------ის რესპუბლიკის სოფელ ფ--------ის ტერიტორიაზე ა.ფ-----------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულ ჰ.მ------ს დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სიცოცხლისათვის საშიში, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება - მარჯვენა საფეთქელთან ეპიდურალური ჰემატომისა და კონტუზიური კერის წარმოქმნით. დარტყმის შედეგად ჰ.მ------ი ზურგით დაეცა ასფალტზე და თავის მარცხენა თხემ-კეფა-საფეთქლის ნაწილში მიიღო რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ჰემატომა, სისხლის ჩაქცევა, აგრეთვე - ყვრიმალის ხაზობრივი მოტეხილობა, მარცხენა მხრის ეპიდურალური ჰემატომა და მარცხენა საფეთქლის კონტუზიურ-ჰემორაგული კერები, რაც განეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას.
3. 2018 წლის 22 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ს-------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა.ფ------------.
4. 2018 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა.ფ-----------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2018 წლის 5 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა.ფ------------სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
6. 2018 წლის 26 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ს-------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან მიიღო ა.ფ------------ს ექსტრადიციის თაობაზე ს-------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი თანდართული მასალების ასლები. აღნიშნული დოკუმენტების დედანი პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 3 აგვისტოს.
7. 2018 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ს-------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან მიიღო ა.ფ------------ს ექსტრადიციის თაობაზე დამატებითი მასალები. აღნიშნული დოკუმენტების დედანი პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 24 აგვისტოს.
8. 2018 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ს-------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი გარანტიები ა.ფ------------ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ცალკეული უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
9. 2018 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა.ფ------------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 22 დეკემბრამდე.
10. 2018 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ს-------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან მიიღო დამატებითი გარანტიები ა.ფ------------ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ცალკეული უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტების დედანი პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 18 ოქტომბერს.
11. 2018 წლის 26 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა-------- ფ------------ს ს-------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-------ის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის მ--–--------------ის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებაში და დასჯადია ს-------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ა-------- ფ------------ს ს-------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-------ის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის, მ--–--------------ის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებაში და დასჯადია ს-------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა-------- ფ------------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--–- ნ-----–--–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივით: ვინაიდან ა-------- ფ------------ არის სომეხი და ამავდროულად -მუსულმანური რელიგიის მიმდევარი, ს-------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი ცალკეული უფლებების დარღვევის საფრთხე, მისი რელიგიური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის გამო; ამასთან, ა.ფ-----------ს ს-------ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას ჰქონდა კონფლიქტი სხვადასხვა პირთან თავის რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებით, რის გამოც ს-------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ადვოკატმა მიუთითა, რომ ა. ფ-----------ს ბრალი ედება იმ დანაშაულისთვის რომელიც მას არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეში არსებობს მრავალი შეუსაბამობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ს-------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ფ------------ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 22 ივნისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ა. ფ------------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ს-------ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ა. ფ------------ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს ს-------ის რესპუბლიკაში, ვინაიდან ამ სახელმწიფოში არის მტრული დამოკიდებულება მუსულმანური რელიგიის მიმდევრების მიმართ, ვინაიდან ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს „არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას.
6. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლის თანახმადაც დადასტურდებოდა, რომ ა. ფ------------ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება მისი ს-------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, კასატორის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადება, რომ ს-------ის რესპუბლიკაში არის მტრული დამოკიდებულება მუსულმანური რელიგიის მიმდევრების მიმართ, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
7. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ა. ფ-----------ს დანაშაული არ ჩაუდენია და მის საქმეში არსებობს შეუსაბამობები, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ა-------- ფ------------ს ბრალეულობის საკითხს.
8. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ს-------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომლის მიხედვით ა.ფ------------ს ექსტრადიცია არ მოითხოვება ამ უკანასკნელის მიმართ პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ა-------- ფ------------ არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას, ამასთან, ის ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით. ასევე, ს-------ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ს-------ის რესპუბლიკის შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელს იხდიან სხვადასხვა რელიგიური მრწამსის პირები, რომელთა თანასწორუფლებიანობა დაცულია ს-------ის რესპუბლიკის კონსტიტუციით. შესაბამისად, ს-------ის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, მიიღებს ყველა შესაძლო ღონისძიებას ა.ფ------------ს უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა-------- ფ------------ს ს-------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-------ის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის მ--–--------------ის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებაში და დასჯადია ს-------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა-------- ფ------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე