განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002301580
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№399აპ-18 ქ. თბილისი
ჯ-----–---–ი ბ-------, 399აპ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით ბ------- ჯ-----–---–ი, – დ----------–-------–--–--------------–---, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 10 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში.
4. ბ------- ჯ-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე, ქ-------ის საქალაქო სასამართლოში ბ------- ჯ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ბ------- ჯ-----–---–მა გამოხატა უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილეს – სახელმწიფო ბრალმდებელ ვ-–-------- გ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა, რომელმაც მოითხოვა ბ------- ჯ-----–---–ის გამართლება ან მისთვის შეფარდებული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის – ჯარიმის მინიმალური ოდენობით შეცვლა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით: პროკურორ ვლადიმერ გეგუჩაძის მოხსენებითი ბარათით, სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო- და ვიდეოჩანაწერებით, მოწმეების – ვ-–-------- გ-------ის, თ----- ა--------ის, დ----- ხ-----ას, ნ-----–---- მ--------–---–ის, თ-------- მ---------ის, ი----- ნ----–--–-–---–ის ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ბ------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (რეციდივის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით), რომლის შემსუბუქების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე