განჩინება

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
010141318700061072
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061072

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №377აპ-18 ქ. თბილისი

ფ------–---–- გ-------, 377აპ-18 20 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ გ------- ფ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ა------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ფ------–---–ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში; ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ფ------–---–მა უკანონოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1974 წლის ნიმუშის, ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის “AKC-74” მოდელის, 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატი და 30 ცალი 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიანი საბრძოლო მასალა - სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რასაც 2016 წლის 3 სექტემბრამდე მართლსაწინაღმდეგოდ ინახავდა ქ------–--–---------–--------------------–----------------------–----------–----------–--

 

გ------- ფ------–---–მა უკანონოდ შეიძინა და 2016 წლის 3 სექტემბრამდე საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა 3,5921 გრამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას - კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის „AB-CHMINACA-ს”.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის განაჩენით:

 

გ------- ფ------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ფ------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 3 სექტემბრიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- ფ------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში კი - განაჩენის უცვლელად დატოვებას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვდა გ------- ფ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

პროკურორი ვასილ სამხარაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- ფ------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

მსჯავრდებულ გ------- ფ------–---–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ა------ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას გ------- ფ------–---–-ს მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვის ნაწილში და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და მიაჩნია, რომ 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მიუთითეს იმ არგუმენტებზე, რის გამოც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში გ------- ფ------–---–-ს მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი არ არსებობს.

 

9. რაც შეეხება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში გ------- ფ------–---–-ს მსჯავრდებას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე (საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებზე, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე, ამოღებულ ნივთმტკიცებაზე, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე), რომლებიც უტყუარად ადასტურებენ გ------- ფ------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

10. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

 

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ გ------- ფ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ა------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე