განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100117002045571
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №380აპ-18 ქ. თბილისი
თ------–---–- დ-----, 380აპ-18 20 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- თ------–---–ს ბრალი დაედო სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 19 აპრილს ად-----ს რაიონის სოფელ უ---ში მცხოვრებმა დ----- თ------–---–მა სოფელ უ---ს კულტურის სახლის ჩაბნელებულ ცენტრალურ დარბაზში გაუკუღმართებული გზით დაამყარა სქესობრივი კავშირი ამავე სოფელში მცხოვრებ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ს-------- მ------–---–თან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დ----- თ------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
დ----- თ------–---–ს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ----- თ------–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. თ------–---–-სათვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ----- თ------–---–- უდანაშაულოდ ცნო სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებაში დ----- თ------–---–-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა დ----- თ------–---–-ს მიერ ს-------- მ------–---–თან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე