განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059547
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №58აგ-18 5 ნოემბერი, 2018 წელი
გ-----–-- ზ-----, 58აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ----- გ-----–--სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ტ--------–---–ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ზ----- გ-----–--, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 10000 ლარი.
2. 2016 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ----- გ-----–--ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ტ--------–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ზ----- გ-----–--ს სტატუსი - გაკოტრების მმართველის პოზიცია - მოქმედი იყო 2004 წლის 6 ივლისამდე, შესაბამისად, 2004 წლის 17 ივნისსა და 2 ივლისს განხორციელებული ქმედებები ვეღარ მიიჩნევა სისხლის სამართლის დანაშაულად, რადგან აღარ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის შემადგენლობის ძირითადი ნიშანი - მოტყუება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ზ----- გ-----–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ტ--------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ზ----- გ-----–--ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა ზ----- გ-----–--მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ტ--------–---–მა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმება, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა მოწმეების: გ--–- შ-------ის, თ----- ქ--------–-–---–ისა და ვ----– კ------ის მოწმედ დაკითხვის შესახებ, ასევე უარი განაცხადა სს ,,მ------------ის“ გაკოტრების საქმის მასალების მიღებაზე, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლისა და სსსკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები; სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საეჭვოდ მიიჩნია სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინებები, წარმოშობილი ეჭვი კი გადაწყვიტა ბრალდების მხარის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის არსებითი დარღვევაა; სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაიზიარა ოთხი მოწმის ჩვენება, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთსა და სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განჩინებებს, მან ასევე არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და გამოიტანა არასწორი დასკვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ზ----- გ-----–--სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ტ--------–---–ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის განჩინებას, რომლითაც უზუსტობა აღმოიფხვრა 2004 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმსა და განჩინებაში, შეიცვალა მათი მიღების თარიღები და ნაცვლად 2004 წლის 2 თებერვლისა, აღინიშნა 2004 წლის 6 ივლისი. დაცვის მხარის პოზიციით, ზ----- გ-----–--ს სტატუსი - გაკოტრების მმართველის პოზიცია - მოქმედი იყო 2004 წლის 6 ივლისამდე და მის მიერ 2004 წლის 17 ივნისსა და 2004 წლის 2 ივლისს განხორციელებული ქმედებები ვერ მიიჩნევა თაღლითობად, რადგან აღარ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი - მოტყუება, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე. ზ----- გ-----–--ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 2004 წლის 2 თებერვლის კრების დანიშვნის შესახებ განჩინება, პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ დროს დანიშნული იყო კრება გაკოტრების მმართველის შეცვლის განხილვის მიზნით, საქმეში არ დევს. ზ----- გ-----–--ს მიერ წარდგენილი საგაზეთო პუბლიკაციის ასლების თანახმად, გაზეთ ,,ხ---–------–------ში“ გამოქვეყნებული იყო განცხადებები 2004 წლის 7 ივნისს - კრედიტორთა კრების დანიშვნის შესახებ, ხოლო 2004 წლის 6 ივლისს - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ. საგაზეთო პუბლიკაციებში კრების დღის წესრიგი მითითებული არ იყო, თუმცა ზ----- გ-----–--ს განმარტებით, განხილულ იქნა გაკოტრების მმართველის ცვლილება ან/და მიწის დაკანონების საკითხი. განჩინების თანახმად, 2004 წლის 10 მაისს ზ----- გ-----–--მ, როგორც ,,მ------------ის“ გაკოტრების მმართველმა, განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონის გამგეობას, რაც ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ----- გ-----–-- 2004 წლის 2 თებერვალს გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დასასაბუთებლად დამატებით წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინება, რომლითაც უზუსტობა აღმოიფხვრა 2004 წლის 6 ივლისის (უსწორობის გასწორებამდე 2004 წლის 2 თებერვლის) სხდომის ოქმსა და განჩინებაში და სხდომაზე მონაწილე პირად ლ---- ჯ--------ას ნაცვლად მიეთითა ვ----– კ-------. განჩინება ასევე გამოტანილია სამოქალაქო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოებები: სს ,,მ------------ის“ გაკოტრების საქმის მასალები და მოწმეთა ჩვენებები, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც შეიცვალა განჩინებისა და სხდომის ოქმის მიღების თარიღი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლ---- ჯ--------ა 2004 წლის მარტიდან საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი აღარ იყო.
5. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული პრეიუდიციად (გამოკვლევის გარეშე მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტურ მტკიცებულებად) სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, კანონიერ ძალაში შესული მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებები და ამ განჩინებებით რაიმე ფაქტის დადგენა არ ავალდებულებს სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს, რომ ეს ფაქტი მიიღოს უტყუარ მტკიცებულებად.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი თავსებადობა სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთანავე, განაჩენში მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 15 მაისისა და 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებების გაზიარების საფუძველი არ არსებობდა. კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებებით დადგენილი ფაქტები ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, კერძოდ, სხდომის მდივან მ------ ლ-----ას ჩვენებით, 2004 წლის 2 თებერვლით დათარიღებული სხდომის ოქმი მან შეადგინა. ოქმს სხდომაზევე ადგენდა და ხშირ შემთხვევაში მის „გადათეთრებას“ არ ახდენდა, შესაბამისად, გამორიცხავს ოქმზე დაგვიანებით ხელის მოწერის შესაძლებლობას. მოწმის სახით დაკითხულ მოსამართლე მ---- პ-------–---–ის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროექტებს ამზადებდა თვითონ და მას წარმოუდგენლად მიაჩნია მის მიერ - განჩინებაში, ხოლო სხდომის მდივნის მიერ - სხდომის ოქმში, როგორც თარიღში, ისე მონაწილე პირის ვინაობაში შეცდომის დაშვება. ვერ ხსნის, თუ რატომ შეიძლებოდა 2004 წლის 6 ივლისის ნაცვლად მიეთითებინა 2004 წლის 2 თებერვალი, ან შეეცვალა მონაწილე პირი. მოსამართლის თანაშემწე მ------ ს------–--ის განმარტებით, ზ----- გ-----–-- ,,მ------------ის“ გაკოტრების მმართველი იყო, რომელიც თანამდებობიდან ზამთრის თვეში გადააყენეს. ლ---- ჯ--------ას ჩვენებით, რომელიც 2002 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის 3 მაისამდე მუშაობდა საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ირკვევა, რომ იგი მონაწილეობდა გაკოტრების საქმეებში, კონკრეტულად ,,მ------------ის“ საქმე არ ახსოვს, თუმცა ზამთარში ერთ-ერთ გაკოტრების საქმეზე ზ----- გ-----–-- და ბ------- ერთად მივიდნენ სხდომაზე, სადაც ახალმა მმართველმა წარმოადგინა გეგმა. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ არ იყო მმართველის შეცვლის წინააღმდეგი.
7. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ ზ----- გ-----–--ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ზ----- გ-----–-- დაეთანხმა მისთვის წარდგენილ ბრალდებას, სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებოდა, საპროცესო შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით და განსასჯელს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ხოლო მის აღიარებასთან ერთად სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები (მათ შორის ვ----– კ------ის ჩვენება), რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
8. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლისა და სსსკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, რადგან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეების: გ--–- შ-------ის, თ----- ქ--------–-–---–ისა და ვ----– კ------ის მოწმედ დაკითხვისა და სს ,,მ------------ის“ გაკოტრების საქმის მასალების მიღების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მტკიცებულების წარდგენა და გამოკვლევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და მისი წარმოდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში ობიექტურად შეუძლებელი იყო.
10. ამასთან, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვისას განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებში, ახალი მოცემულობისა და საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებების ურთიერთქმედების კონტექსტში (იხ. საქმე №83აგ-14).
11. მოცემულ შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც უზუსტობა აღმოიფხვრა 2004 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმსა და განჩინებაში. შესაბამისად, სადავო საკითხს წარმოადგენდა სხდომის ოქმისა და განჩინების მიღების თარიღი. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაშვების შესახებ სცდება ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებს. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა ზოგიერთი მათგანის სამართლებრივი კავშირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და მეტიც, მათი ნაწილის არსებობის შესახებ ცნობილი იყო დაცვის მხარისთვის საქმის არსებით განხილვამდეც.
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ----- გ-----–--სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ტ--------–---–ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. სხირტლაძე