განჩინება

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010100117001806149
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001806149

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №401აპ-18 თბილისი

ზ----- თ------, 401აპ-18 24 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ თ------ ზ------- და მისი ადვოკატის - დ----- კ----–---ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თ------ ზ-----, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 12 ოქტომბრიდან. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით - S--------, რომელიც განთავსებულია შპს „ბ---------------ს“ სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

2. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, თ------ ზ-----ს მსჯავრი დაედო ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 31 ოქტომბერს ქ---------–----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მთვრალმა თ------ ზ-----მ „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის - სახელმწიფო ნომრით - S-------- - მართვისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო ამკრძალავი ნიშნების 3.24-ის მოთხოვნები და შეეჯახა „ოპელის“ მარკის ავტომანქანას - სახელმწიფო ნომრით - V--------, რომელსაც მართავდა ი-----–- მ------. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ი-----–- მ------ გარდაიცვალა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ------ ზ-----მ და მისმა ადვოკატმა დ----- კ----–---მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და თ------ ზ-------თვის სასჯელის შემსუბუქება. ასევე, მიუთითეს, რომ მსჯავრდებულს სურვილი აქვს, ბრალდების მხარესთან გამართოს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ------ ზ-----მ და მისმა ადვოკატმა დ----- კ----–---მ, რომლებიც საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და თ------ ზ-------თვის სასჯელის შემსუბუქებას ან თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.

8. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ თ------ ზ-----ს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სანქცია, რომელიც სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად თ------ ზ-------თვის სასჯელის შემსუბუქება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ თ------ ზ------- და მისი ადვოკატის - დ----- კ----–---ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე