განჩინება

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100117001927051
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001927051

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№368აპ-18 ქ. თბილისი

მ-----------ი ე-–---, 368აპ-18 29 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ე-–--- მ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- მ---------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ე-–--- მ-----------ი, - დაბადებული 1984 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ე-–--- მ-----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 აპრილიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–--- მ-----------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

5. 2017 წლის 7 აპრილს, საღამოს საათებში, მეტროს სადგურ ,,ს-------თან“, თბილისის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–--- მ-----------ი დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით და ძალადობის გამოყენებით თავს დაესხა გ--------- ნ-------ას და გასტაცა ფულადი თანხა - 950 ლარი, რომელიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით გ--------- ნ-------ას მიადგა ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ზიანი - 950 ლარის ოდენობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–--- მ-----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- მ---------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში ე-–--- მ-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე-–--- მ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას; მოწმე ე-–------ ბ-----ისა და დაზარალებულ გ--------- ნ-------ას ჩვენებები არასარწმუნო, არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა; ე-–------ ბ-----ი დაინტერესებული მოწმეა, ვინაიდან მან დაზარალებულს ვალის სანაცვლოდ გასტაცა სპორტული ფეხსაცმელი, ხოლო დაზარალებულის ჩვენებით ვერ დგინდება მსჯავრდებულს დანა ეჭირა თუ არა ხელში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის ე-–--- მ-----------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, კერძოდ - დაზარალებულ გ--------- ნ-------ას, მოწმეების: ე-–------ ბ-----ის, ო----- მ------ის, მ--–---- ა--------ის ჩვენებებით, ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ე-–--- მ-----------ის ბრალეულობა.

10. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე დაასაბუთა, რომ დაზარალებულ გ--------- ნ-------ას და მოწმე ე-–------ ბ-----ის ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 30 აპრილის დასკვნას, რომლის თანახმადაც, გ--------- ნ-------ას დაესვა დიაგნოზი: მარცხნივ ქუთუთოს და პერიოკულური მიდამოს კონტუზია, კისრის სხვა და დაუზუსტებელი ზედაპირული ტრავმა, გულმკერდის ტრავმები. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ადვოკატი, ხოლო რაიმე გარემოება, რაც პალატას მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, საქმის მასალებიდან არ იკვეთება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ე-–--- მ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- მ---------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე