განჩინება

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
050100117002207630
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117002207630

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №446აპ-18 ქ. თბილისი

ბ--------–ი გ-------–, 446აპ-18 26 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით გ-------– ბ--------–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 ნოემბრიდან.

 

განაჩენით გ-------– ბ--------–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016-2017 წლებში გ-------– ბ--------–ი, მთვრალი, მეუღლეს - ფ-------–- ბ--------–ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილის, ქ--------- ბ--------–ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, ასევე სისტემატურად სცემდა, რითაც აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას, კერძოდ: 2017 წლის სექტემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ლ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ-----–ი გ-------– ბ--------–მა მეუღლეს - ფ-------–- ბ--------–ს, განაწყენებულმა იმით, რომ შენიშვნა მისცა ალკოჰოლით თრობის გამო, თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილის, ქ--------- ბ--------–ის თანდასწრებით, სახლში ყოფნისას დაუწყო გინება და ზურგში ხელის ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, ასევე ალკოჰოლით თრობის გამო შენიშვნის მიცემისათვის გ-------– ბ--------–მა მეუღლეს - ფ-------–- ბ--------–ს ლ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ-----–ი, თავიანთი სახლის ეზოში, არასრულწლოვანი შვილიშვილის - ქ--------- ბ--------–ის თანდასწრებით, ძალადობით, თავსა და სახეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც დაზუსტებული საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

გ-------– ბ--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წელი და 8 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 ნოემბრიდან.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენი გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ბ--------–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ-------– ბ--------–ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით (მსჯავრდებული არის ასაკოვანი), სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას გ-------– ბ--------–ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით.

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე