განჩინება

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
110100117001838264
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117001838264

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№345აპ-18 ქ. თბილისი

ნ--------- დ-----, 345აპ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ნ---------ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ.ზ----------ში, კ-----–--ის ქუჩაზე, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მყოფი დ----- ნ--------- ზურგის მხრიდან მიუახლოვდა ძმას - ა---------– ნ---------ს, ყელზე მოხვია ხელი და ძლიერად მოუჭირა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა გამოიწვია. ა---------– ნ---------მ მოახერხა თავის დაღწევა და გაიქცა მდინარე ა--------ას სანაპირო მხარეს, თუმცა დაეწია დ----- ნ--------- და კვლავ დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა დედისა და ახლობლების გინებაში, ასევე ხელებით სწვდა ყელში და ფეხების დარტყმით დაუწყო ცემა გვერდსა და ფეხებში, ამასთან, დამცირების მიზნით, რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში. ა---------– ნ--------- ძმის მხრიდან ძალადობისაგან თავის დაღწევის მიზნით, შევიდა იქვე მცხოვრებ ნ--- ც---–---ის სახლში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ, დ----- ნ---------, მდინარე ა--------აზე გადადებულ ხიდზე დაეწია მას და კვლავ დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ხელი მოჰკიდა ნიკაპში და თავი გადააწევინა უკან. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, დ----- ნ---------ს მიერ ა---------– ნ---------სთვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, რომლებიც მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დ----- ნ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ და ითხოვა გამართლებულ დ----- ნ---------ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

დ----- ნ---------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა მტკიცებულებები; ბრალდების მხარემ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა დ----- ნ---------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. დაზარალებულის ჩვენების არსებითი შეუსაბამობა ნეიტრალური მოწმის - ნ--- ც---–---ის ჩვენებასთან იმ ფონზე, როდესაც გამართლებული გამორიცხავს დაზარალებულის მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და, თავის მხრივ, სრულ თანხვედრაშია ნეიტრალური მოწმის ჩვენებასთან, აჩენს ეჭვს მისი ბრალეულობის შესახებ, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე