დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115784003
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№356აპ-18 ქ. თბილისი
ჯ------- ე-------, 356აპ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე------- ჯ-------ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 28 ოქტომბერს, 13:19 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112-ში“, დაფიქსირდა მ-----– ფ------–--ის შეტყობინება თ---–--–ი, ზ.ფ--–--–---–ის ქუჩის კუთხეში, ვ--ის პარკის შესასვლელთან, თავისი კუთვნილი ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით J------, გარეთა სარკის ქურდობის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა თ---–---------------------------–ოს ვ---------------–ოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ე------- ჯ-------, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ თვით დაზარალებულ მ-----– ფ------–--ისაგან მიიღო შეტყობინება დანაშაულის - ქურდობის ფაქტზე, გაუხსნელი დანაშაულის შემცირების მიზნით, არ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და არ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მისი ქმედებით არსებითად დაირღვა როგორც მ-----– ფ------–--ის, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერსები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ე------- ჯ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით მესტვირიშვილმა და ითხოვა გამართლებულ ე------- ჯ-------ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ე------- ჯ-------მ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-100 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რის შესახებაც უნდა აცნობოს პროკურორს. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად დაზარალებულის კატეგორიული მოთხოვნისა, მოეხდინა რეაგირება, ე------- ჯ-------მ დაზარალებულს მიზანმიმართულად დააშვებინა შეცდომა - ხელი მოაწერინა წინასწარ შედგენილ ზეპირი გასაუბრების ოქმზე, რითაც გაუხსნელი დანაშუალის შემცირების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე არ დაიწყო გამოძიება და პრაქტიკულად დაარღვია როგორც მ-----– ფ------–--ის, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას იმის შესახებ, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ე------- ჯ-------ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები.
9. სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა პროკურორის მიერ მითითებულ არგუმენტებზე, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე