განჩინება

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100117001940728
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001940728

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№418აპ-18 ქ. თბილისი

ა----------- გ-------, 418აპ-18 25 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ა----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------ მ---------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გ------- ა-----------, – დ----------–-------–-–--------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ---–--–ი, ბ-------------–----–---ის გამზირზე არსებული წ---------------ეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ, დ----- თ------–---–ის კუთვნილ ავტომანქანაში, შელაპარაკების ნიადაგზე გ------- ა-----------მ და ი----- გ-----------მა ცემა დაუწყეს მანქანის საჭესთან მჯდარ დ----- თ------–---–ს. ცემის დროს ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა გ------- ა----------ის 11 წლის შვილი – გ---- ჭ-------. ჩხუბის პროცესში დ----- თ------–---–მა გ------- ა-----------ს გაუკავა ხელები და არ აძლევდა დარტყმების მიყენების საშუალებას, ასევე ცდილობდა ი----- გ-----------ის მოგერიებას, რა დროსაც გ------- ა-----------მ გ---- ჭ-------ს მოუწოდა, რომ დ----- თ------–---–ისათვის დანა დაერტყა. გ. ა----------ის მოწოდების შემდეგ გ---- ჭ-------მ დანის გამოყენებით დ----- თ------–---–ს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში შემავალი ჭრილობა, ასევე ჭრილობა მიაყენა მუხლის არეში.

 

2. აღნიშნული ქმედებისათვის გ------- ა-----------ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 მარტიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- ა----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს------ მ---------ამ და ითხოვა გ------- ა----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გიორგი მექვაბიძე შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ს------ მ---------ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ------- ა----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

8.1. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 25 აპრილის №--------- დასკვნის შესაბამისად, დ----- თ------–---–ს აღენიშნება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ, მე-7-მე-8 ნეკნების საპროექციოდ არსებული გულმკერდის ღრუში, მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში (მუხლის სახსართან საზღვარზე), წინა ზედაპირზე არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ორივე დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

8.2. დაზარალებულ დ----- თ------–---–ის ჩვენებით, ავტომანქანაში ცემის დროს ის შეძლებისდაგვარად თავს იცავდა გ------- ა----------ისა და ი----- გ-----------ისაგან, რა დროსაც გ------- ა-----------მ ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდარ შვილს – გ---- ჭ-------ს უთხრა: „მამა, დანა დაარტყიო“, რის შემდეგაც წელის მიდამოში იგრძნო ტკივილი და დაინახა, რომ გ. ა----------ის შვილს ხელში დანა ეჭირა.

 

8.3. არასრუწლოვან გ---- ჭ-------ს საპროცესო წარმომადგენლის – ე-- ა-------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, არასრულწლოვან გ. ჭ-------ს დაკითხვა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში; გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებს მოწმე პასუხობდა სრულყოფილად; დაკითხვის შემდეგ მან გ---- ჭ-------ს წაუკითხა მისი მიცემული ჩვენება და რამდენჯერმე ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა შინაარსს, რაზეც მოწმემ მიუგო, რომ სრულად ეთანხმებოდა ჩვენებაში მითითებულ გარემოებებს; მოწმეს შენიშვნა ან პრეტენზია რომ გამოეთქვა, თვითონ ე-- ა-------ი არ მოაწერდა ხელს მოწმე გ---- ჭ-------ს მიერ მიცემულ ჩვენებას.

 

8.4. მოწმეების – ე-–--- ჩ-----–---–-სა და კ---- თ------–---–ის ჩვენებებით, მათ თავიანთი შვილისაგან – დ----- თ------–---–ისაგან იციან, რომ ი----- გ-----------სა და გ------- ა-----------სთან ფიზიკური დაპირისპირების დროს მას, გ------- ა----------ის მოწოდებით, დანა დაარტყა გ. ა----------ის შვილმა.

 

9. გარდა ზემოაღნიშნულისა, გ------- ა----------ის ბრალეულობა დასტურდება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებითაც – 2017 წლის 16 მარტის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 30 მარტის №---------, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2017 წლის 24 მარტის №------ და იმავე წლის 28 მარტის №------, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 8 ივნისის №--------- დასკვნებით, 2017 წლის 31 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2017 წლის 13 აპრილის პირის ამოცნობის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება მოწმეებს – გ---- ჭ-------სა და ი----- გ-----------ს, ისინი დაინტერესებულები არიან საქმის შედეგით და ცდილობენ, პასუხისმგებლობა აარიდონ გ------- ა-----------ს, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მათი ჩვენებები მართებულად არ გაიზიარეს.

 

10. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.

 

11. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ს------ მ---------ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ა----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------ მ---------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე