განჩინება

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100117002224448
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002224448

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№391აპ-18 ქ. თბილისი

ნ------- კ----, 391აპ-18 25 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის განაჩენით კ---- ნ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 20 200 ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 10 ნოემბრიდან

2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, კ---- ნ-------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 20 000 ლარამდე.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

კ---- ნ-------მ და ზ------ მ-----–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, ქ.თ---–--–ი, ჭ-------------------ში მდებარე რესტორან „მ----------ში“, შეხვდნენ ნ--- მ----------სა და მ-----– დ--------–--ეს, რომლებსაც შეჰპირდნენ, რომ მათ ახლობელს, ა----------დან დევნილ ნ-------- ვ-------–---–ს, მისი დაბალი სარეიტინგო ქულების მიუხედავად, 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, რომელიც იყო თითქოსდა კ---- ნ-------ს ახლობელი, საკუთრებაში გადასცემდნენ თბილისის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს. ამისთვის კი საჭირო იყო თავდაპირველად თანხის ნაწილის - 2500 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ნაწილი შეთანხმებისამებრ, უნდა გადაეცათ ბინის ჩაბარების შემდეგ. იმავე დღეს მ-----– დ--------–--ემ ზ------ მ-----–---–ს გადასცა 700 ლარი, ხოლო შეპირებისამებრ, 2500 აშშ დოლარიდან დარჩენილ ნაწილს გადასცემდა შემდეგ შეხვედრაზე საკითხის გარკვევისას. 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 11:25 საათზე, თ---–--–ი, თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----– დ--------–--ე შეხვდა ზ------ მ-----–---–სა და კ---- ნ-------ს, რომლებმაც მიანიშნეს იქვე არსებულ მშენებარე კორპუსზე და მიულოცეს, რომ მის ახლობელს იქ გადასცემდნენ ბინას. იმავე დღეს, დაახლოებით 17:10 საათზე, თ---–--–ი, ჭ----------------ში მდებარე რესტორან „მ----------ში“, მ-----– დ--------–--ემ კ---- ნ-------ს, შეთანხმებისამებრ, გადასცა 5947 ლარის ეკვივალენტი 2 240 აშშ დოლარი. დანაშაულებრივ ქმედებას შესაძლოა, გამოეწვია 6647 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით კაპანაძემ და ითხოვა კ---- ნ-------ს მიმართ სასჯელის გამკაცრება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას კ---- ნ-------სთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებისა და მონანიების, აცილებული დანაშაულებრივი შედეგისა და საქმეში არსებულ სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, კ---- ნ-------სთვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე