განჩინება

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
010141318700063867
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063867

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №461აპ-18 ქ. თბილისი

რ-------–---–- ჯ-------, 461აპ-18 14 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ------- რ-------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- კ--------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ჯ------- რ-------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 აპრილიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

განაჩენით ჯ------- რ-------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ჯ------- რ-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 0,1597 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები და აბების ნატეხები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა პირადად სხეულში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მისგან ამოიღეს 2017 წლის 25 აპრილს ქ------–--–---–-----------–---------–---------------------------–------- ადმინისტრაციულ შენობაში, 1-ლ სართულზე მდებარე საპირფარეშოს ოთახში.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ჯ------- რ-------–---–-ს გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ------- რ-------–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ----- კ--------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. რ-------–---–-ს გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან არ ემყარება გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №515აპ-14, 238აპ-16) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

7. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

 

8. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ჯ------- რ-------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ზ------ ხ-------–---–-ს, ო----- ჩ-------ს, ს----- ტ---–------ს, თ---------- გ---–-------ს ჩვენებებით, შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------“ კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებაში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ:ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ჯ------- რ-------–---–-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

 

11. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების არასანდოობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, საქმის მასალებიდან მსჯავრდებულის მიმართ მათი სუბიექტური დამოკიდებულება არ იკვეთება. კასატორის მიერ მითითებულ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მიქიაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ საქმეში, ევროპული სასამართლოს მითითებით, ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი ძირითადად დაეყრდნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს... შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა, საკმარისი და დამაჯერებელი განმარტებების გარეშე იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები, შესაძლოა, ყოფილიყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Mikiashvili v. Georgia), N18996/06, 09/10/2012, §82 და „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/12/2012, §50). აქედან გამომდინარე, ჯ------- რ-------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მითითებულ გადაწყვეტილებაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ჯ------- რ-------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- კ--------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე