განჩინება

სისხლის სამართლის 03.01.2019
საქმის ნომერი
010141318700061702
თარიღი
03.01.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061702

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№408აპ-18 ქ. თბილისი

მ----------ი ე---, 408აპ-18 3 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარიკა გოგოხიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ე--- მ----------ს, --------------–-------–--–---- ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია).

 

2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 1998 წლის 18 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, კ----- ა-–------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ--–----ის რაიონის სოფელ ჭ--–-ში, ე--- მ----------მა ე-–------- ა--------ს, რომელთანაც წარსულში ჰქონდა კონფლიქტი, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა ყელის არეში დაარტყა და მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ე-–------ ა--------ი რამდენიმე წუთში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ე--- მ----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიკა გოგოხიამ და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ე--- მ----------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

 

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ე--- მ----------ის საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ბაზა ძირითადად შედგება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ს----- ს--------ისა და მ------ შ-----------ის დაკითხვის ოქმებისა და ირიბი მტკიცებულებებისგან, რომლებიც ვერ ქმნიან ეჭვის გამომრიცხავ უტყუარ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარიკა გოგოხიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე