განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115791630
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
№444აპ-18 ქ. თბილისი
კ---------–--ი ი-----, 444აპ-18 8 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ი----- კ---------–--ს, --------------–-------–--–-- - ბრალად დაედო გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქციით) და ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 1992 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, ი----- კ---------–--მა უკანონოდ შეაღწია ვ---- ს----------ას დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - ქ------–---ში, ს------------------------–--ის დასასვენებელი სახლის მეხუთე სართულზე და ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ამასთან, დანით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა ვ---- ს----------ას კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას - 20 აშშ დოლარსა და 90 000 რუსულ რუბლს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით ი----- კ---------–--ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა (1960 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ადილარ წირღვავამ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ი----- კ---------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ბაზა ძირითადად შედგება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ვ---- ს----------ასა და მოწმე მ----- რ-----ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებისგან, ასევე მოწმეთა დაკითხვის ოქმებისგან, რომლებიც არ შეიცავენ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამოცნობის ოქმისა და ექსპერტიზის დასკვნებისგან, რომლებიც ვერ ქმნიან ეჭვის გამომრიცხავ უტყუარ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება დაზარალებულ ვ---- ს----------ას საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან აღებულ ნაცხში სპერმატოზოიდების არსებობა, მაგრამ ეკუთვნის თუ არა ეს სპერმატოზოიდები ი----- კ---------–--ს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვ. ს----------ასა და მ. რ-----ას სხეულზე არსებული დაზიანებები, მიყენებულია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, თუმცა მიაყენა თუ არა ეს ზიანი მათ ი----- კ---------–--მა, მტკიცებულებათა ერთობლიობით ასევე არ დგინდება.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე