განჩინება

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
330100115775654
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115775654

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №462აპ-18 ქ. თბილისი

მ----------- ს------–-, 462აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ლევან მარშავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------–- მ----------ს ბრალი დაედო ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

ს------–- მ-----------ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ს------–- მ----------მა, „ე----------------------------ს“ (ს/ნ 4--------) თანამშრომელმა, 2012 წლის 5 დეკემბერს გამოყენების მიზნით, დაამზადა და გამოიყენა ყალბი შესყიდვის აქტი, რომ თითქოსდა, მან ფიზიკური პირის - გ------ მ--–---სგან, შპს „ე----------------------------ს“ დირექტორ ნ--- ლ---------ს სახელით, შეიძინა 66 048 ლარად ღირებული 137,6 ტონა სიმინდი, რეალურად კი გ------ მ--–---სგან მან შეიძინა 33 600 ლარად ღირებულეი 70 ტონა სიმინდი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ს------–- მ-----------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს------–- მ-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და შეწყდა მის მიმართ გამოცხადებული ძებნა.

 

გამართლებულ ს------–- მ----------ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 3 (სამი) დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ლევან მარშავამ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენის გაუქმება და ს------–- მ-----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ლევან მარშავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს------–- მ-----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ს------–- მ-----------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად შეაფასა და ამასთანავე, გადაწყვეტილებაში ნათლად დაასაბუთა, თუ რატომ არ არსებობდა ს------–- მ-----------ს მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ლევან მარშავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე