განჩინება

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
330100116001252983
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001252983

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №464აპ-18 ქ. თბილისი

ჯ---–---–- ზ----, 464აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---- ჯ---–---–ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ე.ი.მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

ზ---- ჯ---–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის 20 აგვისტოს ზ----- კ----–---–- თ------ ა--–---ს კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით შეეჯახა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ი-----–-“ დაზღვეულ ავტომანქანა „ტოიოტა პრადოს“, სახელმწიფო ნომრით N------, რომელსაც მართავდა დ----- მ-----–--–---–-. სადაზღვევო კომპანია „ი-------“ და სს „ე----------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, დ----- მ-----–--–---–-ს კუთვნილი ავტომობილი „ტოიოტა პრადო“ მიყენებული ზიანის შესაფასებლად გადაეცა სს „ე----------------“. 2010 წლის 28 აგვისტოს სს ,,ე----------------ს“ დირექტორმა ზ---- ჯ---–---–მა ,,ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილზე საკუთრების უფლების რეალურთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად მოპოვების მიზნით, შეადგინა ყალბი მონაცემების შემცველი დეფექტური აქტი, რომელშიც მიუთითა, რომ თითქოსდა, ,,ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომანქანა არ ექვემდებარებოდა აღდგენას და აღდგენის შემთხვევაში ხარჯი შეადგენდა - 54351 ლარს, მაშინ, როდესაც რეალურად ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო ხარჯი შეადგენდა - 18285 ლარს.

 

აღნიშნული დეფექტური აქტის მხედველობაში მიღებით, 2010 წლის 10 ნოემბერს სს ,,ე---------------მა“ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი---------“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზემოხსენებული დაზიანებული ,,ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილი შეიძინა 1000 ლარად.

 

გარდა ამისა, კვლავ ზემოაღნიშნული ყალბი მონაცემების შემცველი დეფექტური აქტის საფუძველზე საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი------“ დ----- მ-----–--–---–ს სრულად აუნაზღაურა სადაზღვევო თანხა - 55207,74 ლარი, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიისათვის ასანაზღაურებლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა ავტომანქანა ,,მერსედესის“ მესაკუთრეს - თ------ ა--–---ს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ზ---- ჯ---–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ გამართლებულ ზ---- ჯ---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით ზ---- ჯ---–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ------–--–------–--------------------------–---------------------------- საკადასტრო კოდი 01.14.02.025.128.01.01.1--) დადებული ყადაღა.

 

გამართლებულ ზ---- ჯ---–---–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ---- ჯ---–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ---- ჯ---–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ზ---- ჯ---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში ზ---- ჯ---–---–-ს ბრალდება არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე