განჩინება

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
330100117002218690
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002218690

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№439აპ-18 ქ. თბილისი

ლ------- გ-------, 439აპ-18 16 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ლ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ა--–------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით გ------- ლ------- – დ----------–-------–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 ოქტომბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში, თ---–--–ი, ჭ---------ის ქუჩის, კორპუსი №--ის, ბინა №---ში, გ------- ლ-------მ არასრულწლოვანი შვილების - ნ--- და ა-- ლ-------ების თანდასწრებით, სცემა მეუღლე - თ----–- მ-----–---–ს, კერძოდ, ძირს წააქცია იგი და არაერთხელ დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ხოლო ფეხს ურტყამდა მხრისა და გულმკერდის არეში, თავში ჩაარტყა გიტარა და ლეპტოპი, შემდეგ კი სავარძლის სახელურზე ჩამოარტყმევინა იგი. თ----–- მ-----–---–მა ქმრის განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ------- ლ------ის მიმართ უფრო მსუბუქი (პირობითი მსჯავრი) სასჯელის დანიშვნას.

 

6. კასატორის მითითებით, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. გ------- ლ------- ხასიათდება დადებითად, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. თ----–- მ-----–---–ი მიუთითებს, რომ შვილებს სჭირდებათ მამა. წარსულში დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არსებული კონფლიქტის სისტემატურობა დაუდასტურებელია. გ. ლ-------მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. შვილებს სურთ მამის განთავისუფლება, რომ მასთან ერთად განაგრძონ ცხოვრება.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. პალატის მიერ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

 

10. საკასაციო სასამართლო, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში იღებს ქმედების განხორციელების სახესა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ, გ------- ლ-------მ თ----–- მ-----–---–ს ფიზიკური ძალადობის დროს, ხელითა და ფეხით ცემის გარდა, თავში ჩაარტყა გიტარა, ლეპტოპი და ამასთან, დივნის სახელურზე ჩამოარტყმევინა იგი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ----–- მ-----–---–ს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა.

 

11. ამდენად წარმოდგენილი მასალებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილი არ არის, გ------- ლ-------ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს.

 

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ლ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ა--–------ის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე