განჩინება

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
330100117001949735
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001949735

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№452აპ-18 ქ. თბილისი

ღ---–----–---–- მ------, 452აპ-18 16 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ------ ღ---–----–---–-ს, დ------- ღ---–----–---–-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- მ---–-–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით:

 

მ------ ღ---–----–---–-, – დ----------–-------–-–----------------ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

 

მ------ ღ---–----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელი მოხდის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 5 მაისიდან.

 

დ------- ღ---–----–---–-, – დ----------–-------–-–---------–--ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებ, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

დ------- ღ---–----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი -2017 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 19 ივლისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო სხდომის დარბაზში მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 იანვრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია მ------ ღ---–----–---–-სა და დ------- ღ---–----–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მ------ ღ---–----–---–-სა და დ------- ღ---–----–---–-ს გამართლებას შემდეგი მოტივებით: პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოები არ დაინტერესებულან, თუ რა იმალებოდა საქმის გარეგნული მხარის უკან და არ გამოიკვლიეს მომხდარი ფაქტის სინამდვილე; მსჯავრდებულმა მ------ ღ---–----–---–მა გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი და დაასახელა მეტრო „დიდუბის“ წინ არსებული სავალუტო ჯიხური, სადაც შეხვდა ნაცნობი, მეტსახელად - „ო----------,“ რომელმაც დ------------ში, მ---------ის ძეგლთან მდებარე ბაღში, 4000 აშშ დოლარად მიჰყიდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 57 აბი; კასატორის მითითებით, აგენტი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს დანაშაულის პროვოკატორი. თუ პროვოკატორ–აგენტი იქნება დანაშაულის ინიციატორი და ბრალდებულზე აქტიურ ზეგავლენას ახდენს, იკვეთება ევროპული კონვენციის მე–6 მუხლი; პალატა არ დაინტერესდა და არ შეაფასა, თუ სად, რა ვითარებაში და ვისგან ჰქონდათ შეძენილი და მოხმარებული ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება; ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციის მუშაკების მიმართ გამოთქმულია პრეტენზია კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით (ჩვენს შემთხვევაში - ნარკოტიკული საშუალების ჩადებაში), და ისინი, სავარაუდოდ, დაინტერესებულები არიან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით, მათი ჩვენებები სხვა, ნეიტრალური მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს; კასატორის მითითებით, გზის მონაკვეთისა და მანძილის გავლის პერიოდის შეფასებისას გამომძიებლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ფაქტებზე მიუთითებენ.

 

6. კასატორის მითითებით, დეტექტივ–გამომძიებლის - ედგარ ოგანესიანის პატაკის შინაარსი მიუთითებს ორ გარემოებაზე: როდესაც დ------------ში, მ---------ის ძეგლთან მდებარე ბაღში, სადაც ზედმეტ სახელად „ო----------ამ“ მსჯავრდებულ მ------ ღ---–----–---–ს მიუტანა და 4000 აშშ დოლარად მიჰყიდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 57 აბი, პოლიციის მუშაკები ამ დროს თვალყურს ადევნებდნენ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის პროცესს. სწორედ აღნიშნული ადგილიდან აედევნენ მსჯავრდებულებს - მ------ და დ------- ღ---–----–---–ებს და გ-------–---–ის ქუჩაზე ასასვლელი გზის მონაკვეთზე დააკავეს ისინი. კასატორისთვის საინტერესოა ის გარემოება, თუ რატომ არ გადაიღეს აღნიშნული ღონისძიებები და საპროცესო მოქმედებები შესაბამისმა პირებმა და რატომ არ დაასწრეს ჩხრეკასა და დაკავებას ნეიტრალური პირები.

 

7. საკასაციო საჩივრების თანახმად, მსჯავრდებულები დაკავების პირველი წუთებიდანვე სთხოვდნენ დეტექტივ–გამომძიებლებს მიეცათ საშუალება და გონივრული დრო, რომ ოჯახის წევრებს შეერჩიათ და მიეყვანათ მათთვის სასურველი ადვოკატი, რაც დეტექტივ–გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–---–მა არ დააკმაყოფილა. მსჯავრდებულების მამა სამი დღე უშედეგოდ ეძებდა სხვადასხვა ადგილას თავის შვილებს, რომელთა დაკავების შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა შემთხვევით, მხოლოდ 2017 წლის 8 მაისს უცნობი მოქალაქისაგან.

 

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

10. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №96აპ-17 გადაწყვეტილება, რომელშიც მათ შორის შეფასებულია კასატორის მიერ მითითებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

 

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს მ------ ღ---–----–---–-სა და დ------- ღ---–----–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას.

 

12. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის პრეტენზიებს (მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაზე, პოლიციის თანამშრომლების დაინტერესებაზე, ოპერატიული ინფორმაციის მიღებასა და პატაკზე) არგუმენტირებული პასუხი გასცა.

 

13. აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა როგორც მ------ ღ---–----–---–-, ისე დ------- ღ---–----–---–-. შესაბამის ოქმებში არსად არის დაფიქსირებული ვინმე - „ო----------“ ან/და მის მიერ მ------ ღ---–----–---–-სათვის ნარკოტიკული საშუალების შეთავაზების ფაქტი. პროკურორმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე (რეპლიკის უფლებით სარგებლობის დროს) განმარტა, რომ „ო----------ს“ არსებობის თაობაზე მისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო სხდომის ბოლო სტადიისკენ გახდა ცნობილი და დაცვის მხარეს არცერთი მოწმისათვის არ დაუსვამს შეკითხვა აღნიშნულ პირთან დაკავშირებით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 16.01.2018).

 

14. საკასაციო პალატისათვის გაუგებარია, თუ მოწმეთა დაკითხვის სტადიაზე დაცვის მხარეს აგენტ-პროვოკატორთან დაკავშირებით რატომ არ გაუჩნდა შეკითხვები და რატომ განუცხადა სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გამომძიებელთა დაკითხვის შემდეგ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების სტადიაზე ბრალდებულთა მიერ „ო----------ს“ დასახელებისა და, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოჩენილი უმოქმედობა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. შესაბამისად, პალატას, პროვოკაციის არსებობის ფაქტი დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე დაუსაბუთებლად მიაჩნია.

 

15. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ბრალდებულებს დაერღვათ დაცვის უფლება და რომ მათი დაკავების თაობაზე ოჯახის წევრებს სამი დღის განმავლობაში ინფორმაცია არ მიუღიათ. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით - ბრალდებულის დაკავების თაობაზე ოჯახის წევრისათვის შეტყობინების შესახებ ვ------- ღ---–----–---–ს 2017 წლის 5 მაისს (დაკავების დღეს) ეცნობა მისი შვილების დაკავების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით აგრეთვე არ არის დადასტურებული, რომ ბრალდებულებმა ითხოვეს ადვოკატი, რაზედაც ეთქვათ უარი. გასათვალისწინებელია გამომძიებელ ლ-–- გ-----------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, ზოგადად, როდესაც ოჯახის წევრს ატყობინებენ ინფორმაციას პირის დაკავების თაობაზე, მათ თავად მოჰყავთ ადვოკატი, თუ აქვთ ასეთი სურვილი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა (იგი პირადად შეხვდა ბრალდებულების მამას). მოწმის განმარტებით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას და ამასთან, ბრალდებულებს არ ჰქონდათ საკუთარი სახსრებით ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სახაზინო წესით ითხოვა ადვოკატის დანიშვნა (იხ. 2017 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

16. რაც შეეხება პირადი ჩხრეკის დროს გარეშე პირთა მოწვევის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღნიშნულ ვალდებულებას არ ითვალისწინებს. მ------ ღ---–----–---–მა პირადი ჩხრეკის ოქმი დაადასტურა ხელმოწერით და ისარგებლა მასზე შენიშვნის მითითების უფლებით (თუმცა, არ მიუთითებია რაიმე პროცესუალური წესის დარღვევის თაობაზე). რაც შეეხება დ------- ღ---–----–---–ს, მართალია, მან არ მოაწერა ხელი პირადი ჩხრეკის ოქმს, მაგრამ ამის მიზეზი არ განუმარტავს.

 

17. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ.).

 

18. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების - მ------ ღ---–----–---–-ს, დ------- ღ---–----–---–-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- მ---–-–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე