განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058349
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N231აპ.-18 ქ. თბილისი
კ--------- ლ-–-, 231აპ.-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ლაშა კოტრიკაძის
ადვოკატ – ზ------ ბ--–----ის
მსჯავრდებულ – ლ-–- კ---------ს
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ ლაშა კოტრიკაძისა და მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ ბ--–----ის საკასაციო საჩივრები თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-–- კ---------ს, - დ----------–-------–--–ს, - ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 8 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თ---–--ის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების უფროსს - ლ-–- კ---------ს შეკამათება მოუვიდა თ---–--ში, კ-------ას ქუჩა N---ში მდებარე, ამავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გ------- მ----------სთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან დ----- ბ----–---ისთვის გაწეული იურიდიული კონსულტაციის - ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების არჩევის გამო. ლ-–- კ---------მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ------- მ----------ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ლ-–- კ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ლ-–- კ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 12 000 ლარი. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა და გათავისუფლდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის მოხდისგან.
საბოლოოდ ლ-–- კ---------ს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–- კ---------მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა ლ-–- კ---------ს მხრიდან ადვოკატ გ------- მ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავების ბრძანების გაცემაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
6. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ-–- კ---------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ-–- კ---------ს უდანაშაულოდ ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა მხარეების მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაცვის მხარის წარმომადგენელი კასატორი, ადვოკატი ზ. ბ--–----- საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. კასატორი თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ არგუმენტებზე: პოლიციის უფროსის - ლ-–- კ---------ს მიერ დაზარალებულის, ადვოკატ გ------- მ---------ის დაკავების შესახებ განკარგულების გაცემა განპირობებული იყო ამ უკანასკნელის მეტისმეტად თავშეუკავებელი და აგრესიული საქციელით, რითაც ის მოქმედებდა ჯერ გამომძიებლების – ნ---- ზ--------–---–-სა და დ----- გ----------–---–ის, ხოლო შემდეგ პოლიციის უფროსის – ლ-–- კ---------ს მიმართ. ეს ქმედება გამოიხატა ამ პირების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც, კერძოდ, მან გამომძიებელ დ. გ----------–---–სა და პოლიციის უფროსს - ლ. კ---------ს ყური აუწია, რის გამოც გადაწყდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით. მაგრამ მისი დაკავების პროცესში გ. მ----------მ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა პოლიციის ორ თანამშრომელს, რომლებსაც ის აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა. ეს ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია არა მარტო მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, არამედ ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.
3. გარდა ამისა, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გ. მ----------მ დაზიანებები მიიღო იმის გამო, რომ დაკავებისას ის ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც ჯერ დაეცა და იატაკს თავი დაარტყა, ხოლო შემდეგ, ერთ – ერთ ოთახში შეყვანისას, კარის ჩარჩოს შეეჯახა. ამასთან, კასატორის აზრით, აშკარა წინააღმდეგობა არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებს შორის იმ საკითხზე – არსებობდა თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გ. მ---------ის მიერ პოლიციის შენობაში ჩადენილ ადმინისტრაციულ გადაცდომასთან დაკავშირებით, კერძოდ, პირველი მათგანის მიხედვით, არ არსებობდა, ხოლო მეორის მიხედვით, ასეთი საქმე, მართალია, არსებობდა, მაგრამ მასში არ მოიპოვებოდა საკმარისი მასალები გ. მ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის, რაშიც გამოიხატა სწორედ ლ-–- კ---------ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მას სხვა, უფრო მსუბუქი ზომები უნდა გამოეყენებინა გ. მ---------ის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების აღსაკვეთად, თუმცა სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენში არ აზუსტებს – კონკრეტულად რას გულისხმობდა მსუბუქ ზომებში.
4. საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ასკვნის, რომ გ. მ---------ის დაკავებისას პოლიციის უფროსს - ლ-–- კ---------ს არ გადაუმეტებია თავისი უფლებამოსილებისთვის, რის გამოც ის არის უდანაშაულო.
5. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში დაუშვა გარკვეული უზუსტობები საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ დაეთანხმება მის პოზიციას მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს უდანაშაულობის თაობაზე. საქმის მასალებში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად გასცდა ლ-–- კ---------სთვის წარდგენილი ბრალის ფარგლებს, როდესაც დაასკვნა, რომ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება გამოიხატა გ. მ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავებაში, რომლის საფუძველი არ არსებობდა. თუკი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულის მიმართ მსჯავრდებულს ძალადობა არ გამოუყენებია, ლოგიკური იქნებოდა ემსჯელა მისი შესაძლო უდანაშაულობის თაობაზე, რასაც ითხოვდა კიდეც დაცვის მხარე თავისი სააპელაციო საჩივრით.
7. თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ლ. კ---------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
8. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმედ დაკითხული პოლიციელების ჩვენებებსა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე და აღნიშნავს, რომ პოლიციელთა ჩვენებებს შორის არ არსებობს არსებითი წინააღმდეგობები, ამასთან, მათი საეჭვოდ მიჩნევა და არმიღება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მსჯავრდებულის თანამშრომლები იყვნენ, გაუმართლებელია. საკასაციო პალატის აზრით კი, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებია, მათ შორის - დაზარალებულ გ. მ---------ის მიერ პოლიციის შენობაში მიღებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მაგალითად, საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლის, ზ. გ----ას განმარტებით, დაკავების პროცესში გ. მ---------- პოლიციელებს უწევდა წინააღმდეგობას, იქნევდა ხელ–ფეხს, რა დროსაც კარის ერთ–ერთ ჩარჩოს მიარტყა სახე, დაეჯახა მაგიდას და წაიქცა იქვე, ს--------–--ის კაბინეტის შესასვლელთან. აღნიშნული ჩვენების საწინააღმდეგოდ, მოწმე ნ---- ზ--------–---–- (პოლიციის გამომძიებელი) ჩვენებაში უთითებს, რომ დაკავებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას გ. მ----------მ შემთხვევით კი არ მიარტყა თავი კარის ჩარჩოს, არამედ მან თავი მიზანმიმართულად დაარტყა. მოწმე დ----- გ----------–---–ი (გამომძიებელი) კი მათგან განსხვავებულად აღწერს იმავე გარემოებას, კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ ს--------–--ის კაბინეტში მისი შეყვანის მცდელობისას გ. მ---------- სახით მიეჯახა კარის ჩარჩოს, თან ცდილობდა კარს არ მოშორებოდა და სახეს აჭერდა ჩარჩოს, შემდეგ დავარდა ძირს მასთან ერთად. ამის შემდეგ პოლიციელებმა მოახერხეს მისთვის უკანა მხარეს ხელბორკილის დადება და სკამზე დასვეს. მოწმე პოლიციელის, გ. წ-----ის ჩვენების მიხედვით, ის და დ. გ----------–---–ი აკავებდნენ გ. მ----------ს, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა, ხოლო კაბინეტში მისი შეყვანის დროს გ. მ---------- ცდილობდა მიახლოებოდა კარის ჩარჩოს, რასაც სახით აწვებოდა, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. ამის შემდეგ ისინი (გ. წ------ და დ. გ----------–---–ი) გ. მ----------სთან ერთად წაიქცნენ იატაკზე, თუმცა მაინც შეძლეს მისთვის ბორკილების დადება. მოწმედ დაკითხულმა ინსპექტორ–გამომძიებელმა გ. კ--–--------–---–მა ჩვენებაში განმარტა, რომ გ. მ---------- ცდილობდა დასხლტომოდა დამკავებლებს, ოთახში შეყვანისას დაეჯახა კარის ჩარჩოს და წაიქცა. გ. წ------მ და დ. გ-------------–მა ის წამოაყენეს, შეიყვანეს კაბინეტში და მოხურეს კარი. ამის შემდეგ ხმაური აღარ გაუგია და არც ხელბორკილები დაუნახავს. მოწმედ დაკითხულმა პოლიციის თანამშრომელმა გ--- ს--------–--ემ განმარტა, რომ თავის კაბინეტში შესულმა დაინახა, რომ გ. წ------ და დ. გ----------–---–ი ეჭიდავებოდნენ გ. მ----------ს, რომელიც ძირს იწვა, ყვიროდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს. სხვებისგან შეიტყო, რომ მის კაბინეტში შეყვანისას გ. მ---------- მიეჯახა კაბინეტის კარს. აღნიშნული მოწმისგან განსხვავებით, მოწმე პოლიციელები – მ. წ--------–-, ო. მ-------–---–- და ნ. ს--–------ ჩვენებებში აღნიშნავენ: მათ სხვა თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ დაკავებისას გ. მ---------- მათ უწევდა წინააღმდეგობას, რა დროსაც მან მიიყენა თვითდაზიანება.
9. ამრიგად, მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს შორის (იგულისხმება როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი ჩვენებები) ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით – როგორ მიიღო დაზიანებები გ. მ----------მ პოლიციის შენობაში - არსებობს აშკარა და არსებითი წინააღმდეგობა: ერთნი მიუთითებენ, რომ გ. მ----------მ აღნიშნული დაზიანებები მიიღო კარის ჩარჩოზე სახის შემთხვევით მიჯახების შედეგად, მისი დაკავებისას, ხოლო მეორენი კი, ამის საპირისპიროდ აღნიშნავენ, რომ გ. მ----------მ თვითდაზიანებები მიიყენა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული არა მარტო მითითებული წინააღმდეგობების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებს აბათილებს საქმეში არსებული სხვა ობიექტური მტკიცებულებები. მხედველობაშია 2015 წლის 11 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამ დროს აღებულ ნიმუშებზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომელთა მიხედვით, არც ზემოხსენებულ კარის ჩარჩოსა და არც კაბინეტის იატაკზე გ. მ---------ის სისხლის არავითარი კვალი არ აღმოჩნდა, ეს მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, გ. მ----------მ თავი თვითონ დაარტყა, თუ შემთხვევით მიარტყა გ. ს--------–--ის კაბინეტის კარის ჩარჩოს, თანაც ისე ძლიერ, რომ სახე სერიოზულად დაუზიანდა სისხლნაჟღენთების სახით (იხ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა). აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიღებს ზემოდასახელებულ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებიდან თუნდაც ერთს მაინც.
10. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებსა და თვით ექსპერტების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით, რომლებითაც სასამართლოს აზრით, დასტურდება ის, რომ დაზარალებულ გ. მ----------ს სხეულის დაზიანებები შეიძლება მიეღო მოწმე პოლიციელების ჩვენებებში აღწერილ გარემოებებში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, გაურკვეველია, სასამართლო რომელ ვერსიას იზიარებს – იმას, რომლის მიხედვით, გ. მ----------მ სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ტვინის შერყევის ჩათვლით, თვითონ განზრახ მიაყენა საკუთარ თავს, თუ იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მან ეს დაზიანებები მიიღო შემთხვევით, მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებთან შეხლა–შემოხლის დროს; მეორე, სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები, რომლებიც ძირითადად ეყრდნობა მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, მიუხედავად მათ შორის არსებული აშკარა და არსებითი წინააღმდეგობებისა, არ აქვს კრიტიკულად შეფასებული. რა თქმა უნდა, ექსპერტს არ მოეთხოვება და არც უფლებამოსილია, თვითონ შეაფასოს მოწმეთა ჩენებების სანდოობა, მაგრამ სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნებისა და ექსპერტთა ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების, შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს – რამდენად სანდო წანამძღვრებს ეყრდნობა ისინი; და ბოლოს, ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში სწორად შენიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენის დასაბუთებისას ექსპერტთა ხსენებულ დასკვნებსა და ჩვენებებს იყენებს ფრაგმენტულად, ამ მტკიცებულებათა შინაარსის სრული კონტექსტის გაუთვალისწინებლად, რაც ქმნის მათი არაზუსტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც წესი, კატეგორიული ხასიათისაა მხოლოდ დაზიანებათა ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრის საკითხში, ხოლო რაც შეეხება ამ დაზიანებათა მიყენების დროს, მის მექანიზმს, ხერხს, იარაღსა თუ სხვა საშუალებას, ამ ნაწილში დასკვნა ძირითადად სავარაუდო ხასიათისაა, რის გამოც მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა შეუძლებელია, სხვა, დამატებით, სარწმუნო მტკიცებულებებთან შეჯერების გარეშე.
11. მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და ობიექტური ანალიზით პრაქტიკულად ბათილდება ვერსიები იმის თაობაზე, რომ პოლიციის შენობაში გ. მ----------მ სხეულის მრავლობითი დაზიანებები შემთხვევით მიიღო ან თავად მიიყენა თვითდაზიანება, გასაჩივრებული განაჩენის შეფასებისას ძირითად საკითხად რჩება – დაზარალებულ გ. მ----------ს დაზიანებები ნამდვილად მსჯავრდებულმა ლ-–- კ---------მ მიაყენა თუ არა, რაც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე დაადასტურებდა, რომ სწორედ მსჯავრდებულმა ლ-–- კ---------მ მიაყენა სხეულებრივი დაზიანებები დაზარალებულ გ. მ----------ს, რის გამოც მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს, კერძოდ: მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამამძიმებელი გარემოების გარეშე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამგვარ დასკვნას, რადგან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს შორის არსებული, მნიშვნელოვანი და აშკარა წინააღმდეგობები არაარსებითი ხასიათის საკითხებად მიიჩნია. ამავე დროს, სასამართლო აღნიშნულ ჩვენებათა გაზიარებისას მოიხსენიებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებას, მაშინ, როდესაც სხვა ობიექტური მტკიცებულებები, საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს მათ სანდოობას. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოები ზოგჯერ საკითხს იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია ან საქმეში არსებული რაიმე ფაქტობრივი მონაცემი პირდაპირ თუ ირიბ ჩვენებას, ან სხვა პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მტკიცებულებას, წყვეტენ ამ მტკიცებულების წარმოშობის წყაროს, მისი ფორმირების პირობების, მომხდარი შემთხვევის განვითარებისა და დანაშაულის ჩადენის ვითარების თავისებურებებისა და სპეციფიკის გაუთვალისწინებლად. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ არ არსებობს უნივერსალური კრიტერიუმების საფუძველზე ჩამოყალიბებული სტანდარტი, რომელთან მისადაგებითაც განვსაზღვრავთ – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, მათ შორის - მოწმის ჩვენება, პირდაპირია თუ ირიბი. ცალკეულ შემთხვევაში საამისოდ შესაძლოა, საჭირო გახდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრული ანალიზი მცდარი სამართლებრივი დასკვნების თავიდან ასაცილებლად.
12. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ლ-–- კ---------ს საქმეში პროკურატურის მიერ მისთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ჩვენება არსებობს, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულ გ. მ----------ს, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გ. მ---------ის ჩვენების სისწორე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, ამასთან, აღნიშნული ჩვენება არ არის თანხვედრილი სხვა მტკიცებულებებთან. საკასაციო პალატა ისეთ დასკვნას ვერ გაიზიარებს, რომელიც ემყარება იმ არასწორ წანამძღვარს, რომ მოწმე დ----- ბ----–---ის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც პირდაპირი ჩვენება, ვინაიდან მას არ დაუნახავს ოთახში (იგულისხმება პოლიციის თანამშრომლის – გ. ს--------–--ის სამუშაო კაბინეტი) განვითარებული მოვლენები. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მოწმე უშუალოდ შეესწრო ლ-–- კ---------ს მხრივ გ. მ---------ის მიმართ დაწყებულ ძალადობას, კერძოდ, ის ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ლ-–- კ---------მ ხელი ჰკრა გ. მ----------ს სახესა თუ მკერდში, შეათრია ოთახში, რა დროსაც დაიყვირეს – „ხელბორკილები მოიტანეთო“. ვინაიდან ოთახის კარი ოდნავ ღია იყო, ესმოდა ხელის დარტყმის ხმა და გ. მ---------ის ხმა – „ადვოკატი ვარ, ნუ მირტყამთო“. ამ ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–- კ---------ს უკანონო ძალადობა გ. მ---------ის მიმართ ჯერ კიდევ გ. ს--------–--ის კაბინეტის გარეთ დაიწყო, რაც უწყვეტად გაგრძელდა ჯერ კაბინეტის კარებამდე, ხოლო შემდეგ - კაბინეტში, საიდანაც მოწმეს მოესმა დაზარალებულის ყვირილი – „ნუ მირტყამთო“. თუ რა გაგრძელება ჰქონდა კაბინეტში ლ-–- კ---------ს ძალადობას, ამას უკვე აზუსტებს თვით დაზარალებულ გ. მ---------ის თანმიმდევრული და დეტალური ჩვენება, რომელშიც აღნიშნავს, რომ კაბინეტში ძალის გამოყენებით შეთრევის შემდეგ, მას წაართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ცდილობდა თავის მეუღლესთან დარეკვას. მას შემდეგ, რაც ხელებზე ბორკილები დაადეს და სკამზე დასვეს, ლ-–- კ---------მ, რომელიც მის მიმართ იყო აგრესიული, სახეში ჯერ თავი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ ხელი, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ კვლავ გამეტებით დაარტყა სახეში ხელი, რის გამოც მან თავი გაიქნია და სისხლი კედელს შეესხა.
13. განხილული ორი ჩვენებიდან მოწმე დ----- ბ----–---ის ნაამბობი წარმოადგენს პირდაპირ ჩვენებას ლ-–- კ---------ს მიერ ჯერ კიდევ კაბინეტის გარეთ გ. მ---------ის მიმართ დაწყებული ძალადობის ნაწილში, რომელიც სრულად შეესაბამება დაზარალებულის პირდაპირ ჩვენებას, რომელშიც წარმოდგენილია უკვე კაბინეტში მის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან კიდევ უფრო მძიმე ფორმით გაგრძელებული ძალადობის სურათი. ორივე ჩვენება, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და შესაფასებელი ფაქტის სრულ, დამაჯერებელ სურათს წარმოგვიდგენენ, ერთობლივად იძლევა სრულიად არაორაზროვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მომხდარის თაობაზე, კერძოდ: ნამდვილად ლ-–- კ--------- ახორციელებდა უკანონო ძალადობას გ. მ---------ის მიმართ, რაც მის ცემაში გადაიზარდა და სწორედ ამაში გამოიხატებოდა მსჯავრდებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რითაც არსებითად დაირღვა დაზარალებულის პიროვნული ხელშეუხებლობის უფლება. დაზარალებულ გ. მ---------ისა და მოწმე დ. ბ----–---ის ურთიერთთავსებადი პირდაპირი ჩვენებების სისწორეს ადასტურებს სხვა არაპირდაპირი ჩვენებებიც, რომლებიც ეკუთვნის მოწმეებს – ზ----- ბ----–---ეს, დაზარალებულის მეუღლეს, ს--–---- ჭ------სა და იურიდიული დახმარების სამსახურის თ---–--ის ბიუროს უფროსს, ს---–--- კ-------ეს. პირველი მათგანი თავის ჩვენებაში უთითებს, როგორ დაიწყო კონფლიქტი უშუალოდ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის, რომლის გაგრძელება მას აღარ უნახავს. მოწმე ს--–---- ჭ------ თავის ჩვენებაში უთითებს, რომ გვიან ღამით მობილური ტელეფონით დაურეკა თავის მეუღლეს, გ. მ----------ს, რა დროსაც მან მოასწრო გაეგონა ამ უკანასკნელის ყვირილი: „ხელი გაწიეთ, ნუ მირტყამთო“, რომელიც თანხვედრილია მოწმე დ. ბ----–---ის პირდაპირ ჩვენებასთან. რაც შეეხება მოწმე ს. კ-------ის ჩვენებას, იგი აღნიშნავს, რომ ის გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ადვოკატ გ. მ---------ის მეუღლის თხოვნით მისი მდგომარეობის გასარკვევად, სადაც ნახა ძლიერ ნაცემი დაზარალებული. როდესაც მან ჰკითხა პოლიციის თანამშრომლებს, თუ რა მოხდა, მათ უპასუხეს: „ჩვენს უფროსს ცოტა მეტი მოუვიდაო“. ამ ფრაზასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ დაუზუსტებიათ, მისი შინაარსი რას გულისხმობდაო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ ვითარების კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც ის ითქვა, რაიმეს დაზუსტების საჭიროება ნამდვილად აღარ არსებობდა – მოწმე ს. კ-------ემ პოლიციის განყოფილებაში ნახა ძლიერ ნაცემი კოლეგა, რომელსაც, მისი განმარტებით, „სახის ცალი მხარე არ ჰქონდა“. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვა მან კითხვა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებისთვისაც სრულიად გასაგები იყო, რის თაობაზე ეკითხებოდნენ და პასუხიც შესაბამისი გასცეს. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ გ. მ---------ის პირდაპირ ჩვენებას - ლ-–- კ---------ს მიერ კაბინეტში მისი ცემის, ამის შედეგად ცხვირიდან სისხლის წამოსვლისა და ამ სისხლის კაბინეტის კედელზე მისხმის შესახებ - ადასტურებს საქმეში არსებული სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები: აღნიშნულ კაბინეტში ჩატარებული იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის დროსაც კედლიდან მართლაც იქნა ამოღებული ბიოლოგიური მასალა და ასევე - ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება ამოღებული მასალისა და დაზარალებულის გენეტიკური პროფილის იდენტურობა.
14. ამრიგად, აქ განხილული პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია, არავითარ საფუძველს არ ტოვებს ობიექტური დამკვირვებლისათვის, რომ გააჩნდეს გონივრული ეჭვი მაღალი სტანდარტით დადასტურებული ფაქტის მიმართ, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა ლ-–- კ---------მ დაზარალებულ გ------- მ---------ის მიმართ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ – ის 333 – ე მუხლის მე – 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულისათვის საუარესოდ, კერძოდ: ლ-–- კ---------ს ქმედება საქართველოს სსკ – ის 333 – ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის მე - 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ლ-–- კ---------ს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, ვერ იქნება გაზიარებული უსაფუძვლობის გამო, ამიტომ მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ – ის 53 – ე მუხლის მე – 3 ნაწილის მითითებებით, რომლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს: წარსული საქმიანობის მიხედვით, ის ხასიათდება დადებითად, რომლის თაობაზეც საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტი, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის პერიოდში არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი, დაჯილდოებულია შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით; მომხდარი შემთხვევის შემდეგ ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან, რათა ამით ხელი შეეწყო საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებისათვის; კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის საკმარისი იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, მას 1 წლით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ ბ--–----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4. მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
5. ლ-–- კ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
6. მსჯავრდებულ ლ-–- კ---------ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი გირაოსა და ყადაღის გაუქმების, ასევე - ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე