განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002028968
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№539აპ-18 ქ. თბილისი
კ--------ე ზ----, 539აპ-18 6 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით ზ---- კ--------ე, – დ----------–-------–-–----------------- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 12 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 10 ივლისიდან იმავე წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზ---- კ--------ეს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---- კ--------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ზ---- კ--------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით – 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ---- კ--------ემ. მან ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით – ზ---- კ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 10 ივლისის №9----- და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 10 ივლისის №ქ/--- დასკვნებით, ბრალდებულ ზ---- კ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების – გ-- შ----–-–---–ის, გ------- ლ--------------ის, მ------ გ--------ის გამოკითხვის ოქმებითა და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ზ---- კ--------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. სასჯელთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ---- კ--------ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.
8. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში ზ---- კ--------ემ, მართალია, აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ იგი დააკავეს დანაშაულის ჩადენისთანავე, რაც გამორიცხავს ზ---- კ--------ის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ---- კ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე