განჩინება

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
190100116001568024
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100116001568024

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№582აპ-18 ქ. თბილისი

ს------ი დ-----, 582აპ-18 6 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- ს------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ--–-- ხ----------ისა და ი-–-- ლ----ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით დ----- ს------ი, –-------------–-------–-–--------------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 იანვრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გაუქმდა მსჯავრდებულ დ----- ს------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დ----- ს------ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ------–------ს რაიონის სოფელ ა--------ში გამავალი კ------–--–--------–-----ის საავტომობილო გზის მე-- კმ-ზე, დ----- ს------ი „ოპელის“ მარკის ავტომობილით, სახ. №Q--------, მოძრაობდა თ------–------ს რაიონის სოფელ კ----ის მიმართულებით, სადაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც მას შეეჯახა შემხვედრად მოძრავი „ნისან იქსტრაილის“ მარკის ავტომობილი, სახ. №Q------, რომელსაც მართავდა მ--- კ-------ე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ დ----- ს------ის მგზავრები – ლ--–- ხ----------ე, ნ---- კ--------–---–ი და თ----- ე---–----–---–ი, მ--- კ-------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მისმა მგზავრებმა – ი--- კ-----–-–---–მა და ნ-----–- კ-------ემ – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და დ----- ს------ის გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმის განხილვის დროს დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება; მეორე ავტომანქანის მძღოლი მ--- კ-------ე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ნასვამი იჯდა საჭესთან და შეჯახება სწორედ მისი ბრალეულობით მოხდა.

 

6. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი გიორგი ღონღაძე შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და დ----- ს------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მ--- კ-------ის ბრალეულობით, რომელიც ავტომანქანას ნასვამი მართავდა. 2016 წლის 5 დეკემბრის სისხლის ნიმუშის აღების ოქმიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს მ--- კ-------ეს აუღეს სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა ქაღალდის გაუმჭვირვალე კონვერტში, დაილუქა საპატრულო პოლიციის მრგვალი ბეჭდით და მასზე გაკეთდა ხელმოწერები. ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 25 ივლისის №0-------- დასკვნის თანახმად, მ--- კ-------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

 

10. სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 11 იანვრის №7----- დასკვნის მიხედვით, ავტომანქანა „ოპელზე“ არსებული დაზიანებები, ფორმითა და განვითარების ხასიათით, დამახასიათებელია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილ „ნისანზე“ არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი როგორც რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედების, ასევე – თერმული ზემოქმედების შედეგად. წარმოდგენილი ავტომობილების როგორც საჭის მართვის მექანიზმები, ისე – სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედებით, რასაც გამოიწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევა. შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე (შეჯახების კუთხე) შეადგენდა დაახლოებით 80 გრადუსს.

 

11. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 29 აგვისტოს №0-------- დასკვნის თანახმად (რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- გ---–-----მა), მოცემულ კონკრეტულ პირობებში ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა „ოპელის“, სახ. №№Q--------, მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. იმავე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ნისანის“, სახ. №Q------, მძღოლი, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ამავე დასკვნის აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ ავტომობილების შეჯახებისაგან წარმოქმნილი ჩამონაყარი მთლიანად აღმოჩენილია ავტომანქანა „ნისანის“ სამოძრაო ზოლში, რაც ნათლად მიუთითებს, რომ შეჯახება მომხდარია კ----იდან წ--–-ის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა სამოძრაო ზოლში (მოცემულ შემთხვევაში – ავტომანქანა „ნისანის“ სამოძრაო ზოლში); გარდა ამისა, მანქანების შეჯახების კუთხიდან გამომდინარე, ავტომობილი „ოპელი“ მოცურებული უნდა ყოფილიყო.

 

12. გარდა ზემოაღნიშნულისა, ავტომანქანა „ნისანის“ სამოძრაო ზოლში შეჯახება დადასტურებულია მოწმეების – ი--- კ-----–-–---–ის, მ--- და ნ-----–- კ-------ეებისა და ნ--- გ--–-----ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, ხოლო რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია ის ძირითადი მოტივები, რის გამოც დ----- ს------ისათვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია. გადაწყვეტილებაში აგრეთვე მიეთითა, თუ რატომ არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტები.

 

13. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში კასატორთა მითითებას მსჯავრდებულის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ, საკასაციო პალატის აზრით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნული გარემოება არ გამოვლენილა. შესაბამისად, კასატორთა მითითებული არგუმენტიც უსაფუძვლოა.

14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ----- ს------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ--–-- ხ----------ისა და ი-–-- ლ----ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე