განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002363882
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№593აპ-18 ქ. თბილისი
ბ----------ი თ------, 593აპ-18 6 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით თ------ ბ----------ი, – დ----------–-------–-–---------–---, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 14 იანვრიდან; მასვე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით თ------ ბ----------ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 14 იანვარს მთვრალი თ------ ბ----------ი მართავდა „ნისან მიკრას“ მარკის ავტომობილს, სახ. №B--------. ქ------–---ის რაიონის დაბა ო--------ში მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას მძღოლმა თ------ ბ----------მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-18 პუნქტის, 33-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების მოთხოვნები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე და შეეჯახა ქვეითებს – ნ----- გ-------ასა და მის მცირეწლოვან შვილს – ფ--–--- ა------ეს. შეჯახების შედეგად ნ----- გ-------ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ფ--–--- ა------ე გარდაიცვალა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი პაატა ცეცხლაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და თ------ ბ----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი პ----- ბ---–----ე – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა თ------ ბ----------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული; ხასიათდება დადებითად; კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები; თვითონაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – ნ----- გ-------ას, მ-------- შ-----ის, ა---------– ტ------–ის, მ------–- ჭ-----–--ის, მ------ ა------ისა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების 2018 წლის 15 იანვრის №0-------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 15 იანვრის №1--- და სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 19 თებერვლის №0-------- დასკვნებით, გვამის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ------ ბ----------მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, დანაშაულის გულწრფელი მონანიება და ის, რომ იგი ნასამართლევი არ არის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი – ერთი პირის გარდაცვალება, ხოლო მეორისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ თ------ ბ----------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების ან შემსუბუქების (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების) საფუძველი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე