განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100116002562776
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №536აპ-18 ქ. თბილისი
თ------- გ---------, 536აპ-18 22 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------- თ-------ს ბრალი დაედო თვითმკვლელობამდე მიყვანაში, მსხვერპლისადმი მუქარითა და სასტიკი მოპყრობით; ასევე - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.
გ--------- თ-------------ს ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ--------- თ------- 2004 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად.
2016 წლის 7 აგვისტოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------- თ-------მ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დ------ ს---------, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ--------- თ-------მ დ------ ს--------- უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ ი------ს მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დ------ ს---------ს დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას.
გ--------- თ-------ს მუქარამ შეაშინა ქურდობისათვის პირობით მსჯავრდებული დ------ ს---------, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, გ--------- თ------- შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ------ ს---------მ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, დაწერა გამოსათხოვარი წერილი, რომელშიც მიუთითა სუიციდის მიზეზზე და საცხოვრებელი სახლის ეზოში, თუთის ხეზე, ღვედით ჩამოიხრჩო თავი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით გ--------- თ-------, - დაბადებული 1973 წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ--------- თ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ გ--------- თ-------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკვაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ--------- თ-------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატამ გააანალიზა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ისინი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ--------- თ-------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანა გულისხმობს დამნაშავის მიერ მსხვერპლის მიმართ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენას. იგი შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, სასტიკ მოპყრობაში ანდა პატივის ან ღირსების სისტემატურ დამცირებაში. მუქარაში შეიძლება ვიგულისხმოთ სიკვდილისა თუ ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მუქარა, ისეთი ცნობების გავრცელება, რომლის გამჟღავნებაც დაზარალებულისათვის სასურველი არ არის და მრავალი სხვა. მთავარია, რომ იგი დაზარალებულის მიერ აღიქმებოდეს როგორც მისი უფლებისა და თავისუფლებისთვის კანონიერი ინტერესებისათვის სახიფათო. სასტიკი მოპყრობა კი გულისხმობს ისეთ ქმედებათა ჩადენას, რომელიც დაზარალებულს განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ზნეობრივ ტანჯვას აყენებს, მაგალითად, ცემა, უმოწყალო დამოკიდებულება და სხვა. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში გ--------- თ-------სთვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნება დ------ ს---------ს მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილს, რომელიც საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან მასში მითითებული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ დ------ ს---------ს წერილი გამყარებულია ისეთი მტკიცებულებებით, როგორებიცაა: ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს, ი/მ რ----- მ---–-–---ს ტოტალიზატორ „ლ-----------ს“, შპს „ს------------–---------------ს“ ავტოგასამართი სადგურის, ი/მ მ----- ც--------ს, სს „თ-----------ს“, სს „ს----------–----------ა“ და ტოტალიზატორ „კ--------–-----ს“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, დ------ ს---------სა და გ--------- თ-------ს სატელეფონო ნომრების ამონაწერი, გარდაცვლილის მობილურსა და სიმ ბარათზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა და სხვა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელწერის ექსპერტიზის დასკვნითა და მისი ჩამტარებელი ექსპერტის ჩვენებით დადგენილია, რომ ხსენებული წერილი ნამდვილად დ------ ს---------მ დაწერა და ამ გარემოებას სადავოდ არც მხარეები ხდიან. მოცემულ შემთხვევაში სადავოა წერილის შინაარსი და, შესაბამისად, შესაფასებელია, რით დასტურდება მასში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ მიმართებით სახელმწიფო ბრალმდებელი იშველიებს ვიდეოსათვალთვალო სისტემების ჩანაწერებს, ასევე - დ------ ს---------სა და გ--------- თ-------ს სატელეფონო ნომრების ამონაწერებს. მართალია, მითითებული ჩანაწერებით დადგენილია, რომ გ--------- თ-------მ 2016 წლის 7 აგვისტოს მასთან სამსახურში მისული დ------ ს--------- ნამდვილად ჩაისვა თავის სამსახურებრივ ავტომანქანაში, რის შემდეგაც გაემართა ე.წ. „ს-------------------“ მიმართულებით, რასაც თავად გ--------- თ-------ც არ უარყოფს, მაგრამ ამ ჩანაწერებით არ დასტურდება, რომ გ--------- თ-------მ ამ დროს რაიმე არამართლზომიერი ქმედება ჩაიდინა დ------ ს---------ს მიმართ, ხოლო დ------ ს---------სა და გ--------- თ-------ს სატელეფონო ნომრების ამონაწერი, მისი არსიდან გამომდინარე, ვერ დაადასტურებს რაიმე სახის ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ გ--------- თ-------ს ბრალეულობას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დ------ ს---------ს მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილისა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ--------- თ-------მ დ------ ს---------, დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, წაიყვანა სოფელ ი------ს მიმართულებით, სადაც მოსთხოვა პოლიციასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულის დაბრალებით დაემუქრა და იძალადა მასზე. რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეების ჩვენებებს, რომლებშიც საუბარია დ------ ს---------ს მიერ თვითმკვლელობის ჩადენაზე გ--------- თ-------ს მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ისინი გადმოსცემენ დ------ ს---------ს წერილში მითითებულ ინფორმაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჩვენებები ირიბია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად არ დადასტურდა გ--------- თ-------ს მიერ დ------ ს---------ს მიმართ ისეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენა, როგორებიცაა დანაშაულის დაბრალების მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და პოლიციასთან თანაშრომლობის მოთხოვნა, რამაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. შესაბამისად, ვერ დგინდება გ--------- თ-------ს ქმედებასა და დ------ ს---------ს თვითმკვლელობას შორის მიზეზობრივი კავშირი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის პირობებში სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომ გ--------- თ-------სთან შეხვედრამ, მისმა მუქარამ და ცემამ დ------ ს--------- ფსიქოლოგიურ კრიზისამდე მიიყვანა და თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიაღებინა, რაც, სააპელაციო პალატის შეფასებით, წარმოადგენს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
შესაბამისად, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო საჩივრის მოტივაცია, რომ გ--------- თ-------მ ჩაიდინა ისეთი ქმედება, რამაც დაზარალებული თვითმკვლელობამდე მიიყვანა და, ამდენად, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაც.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 333-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის ნორმატიული აქტით მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა _ ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს დარღვევის არსებითობა, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, წინასწარ ჩამოყალიბებული ან კანონმდებლობით განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ქმედება, ჩადენილი ძალადობით, წარმოადგენს ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არსებობს ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ გ--------- თ-------ს მიერ დ------ ს---------ს მიმართ გამოხატულ მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას, რაც მას ბრალად ჰქონდა წარდგენილი. გ--------- თ-------ს ქმედება _ დ------ ს---------ს სამსახურში დაბარება მასთან გასაუბრების მიზნით და შემდგომ თავის სამსახურებრივ ავტომანქანაში მისი ჩასმა არ შეიძლება შეფასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ამ დროს გ--------- თ-------მ დ------ ს---------ზე იძალადა ან სხვა არამართლზომიერი ქმედება ჩაიდინა, რაც მისი უფლებების არსებით დარღვევას გამოიწვევდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--------- თ-------ს ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გ--------- თ-------ს მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა დათო ცირეკიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ--------- თ-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ დანაშაულებში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას გ--------- თ-------ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია იმ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--------- თ-------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებებს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №404აპ-16, №560აპ-16).
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე