განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100117002133225
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №533აპ-18 ქ. თბილისი
გ------- ე---–---, 533აპ-18 22 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე---–--- გ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- გ------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით ე---–--- გ-------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა მსჯავრდებულ ე---–--- გ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
მსჯავრდებულ ე---–--- გ-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე---–--- გ-------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის (გარდა სსკ-ის 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა), რაც გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,გ’’, ,,კ’’ ქვეპუნქტებით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) ნასამართლევი ე---–--- გ------- 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, ნასვამი მივიდა ს-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---ში მცხოვრებ ფ--–--ს ზ---------ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და მათ შორის არსებული უთანხმოების გასარკვევად დაუძახა მას. ფ--–--ს ზ--------- მივიდა ჭიშკრის გარეთ მყოფ ე---–--- გ-------სთან. ამ დროს მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც ე---–--- გ-------მ შუბლ-საფეთქლის არეში, განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა ფ--–--ს ზ---------ს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად ფ--–--ს ზ--------- 2017 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ს-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე---–--- გ-------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- გ------მ. აპელანტებმა საჩივრით ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე---–--- გ-------მ ჩაიდინა ფ--–--ს ზ---------ს განზრახ მკვლელობა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოტივაცია ე---–--- გ-------ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რომ ე---–--- გ-------ს არ ჰქონდა ფ--–--ს ზ---------ს სიცოცხლის ხელყოფის განზრახვა და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან დაცვის მხარის ეს პოზიცია არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგი: კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რომლის შედეგსაც წარმოადგენს - სიკვდილი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედება განზრახ მკვლელობად ვერ დაკვალიფიცირდება.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია, ასევე - დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა: საქმეზე დაკითხულ პირთა - დაზარალებულ ნ---–- ბ-----სა და მოწმე ნ---- ზ---------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ე---–--- გ-------მ, მას შემდეგ, რაც შეურაცხმყოფელი სიტყვების ძახილით მივიდა ფ--–--ს ზ---------ს ჭიშკართან, ეზოდან გამოსულ ფ--–--ს ზ---------ს დაუწყო ჩხუბი და დანა ჩაარტყა თავში, რის შემდეგაც იგი კვლავ ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას. სწორედ ამ დროს, ამ ქმედებაში ხელის შეშლისას - დანა მოხვდა ფ--–--ს ზ---------ს დედას ნ---–- ბ-----ს, რომელსაც ხელი დაუზიანდა. გარდა ამისა, დაზარალებულ ნ---–- ბ-----ს და მოწმეების - ნ---- ზ---------სა და მ------ გ-------ს ჩვენებებით ასევე დადასტურებულია, რომ ე---–--- გ-------მ მხოლოდ მაშინ შეწყვიტა თავდასხმა, როდესაც მას ქვები დაუშინეს ნ---- ზ---------მ და მ------ გ-------მ, რითიც იგი აიძულეს, გაქცეულიყო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ფ--–--ს ზ---------ს ე---–--- გ-------სთან ჩხუბის დროს თან არ ჰქონდა დანა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ფ--–--ს ზ---------მ ე---–--- გ-------ს დაარტყა ხის ჯოხი ან ფიცარი, არ წარმოადგენს ე---–--- გ-------ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის მტკიცებულებას.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაცია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ფ--–--ს ზ---------ს მიერ ე---–--- გ-------ს რაიმე სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას, რაც მას ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი ე---–--- გ-------ს მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე---–--- გ-------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- გ------მ.
დაცვის მხარე ითხოვს ე---–--- გ-------ს გამართლებას შერაცხულ ბრალდებაში იმ საფუძვლით, რომ იგი თავს იცავდა დაზარალებულისგან და, შესაბამისად, იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №424აპ.-16) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ე---–--- გ-------ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება, რომ ე---–--- გ------- იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე---–--- გ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- გ------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე