განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002246288
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №530აპ-18 ქ. თბილისი
კ----------- ე----------, 530აპ-18 22 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე---------- კ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---- მ------–---–-სა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - გ------- ვ-----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით ე---------- კ-----------, - დაბადებული 1972 წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
გაუქმდა ე---------- კ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები: საგამოძიებო ორგანოში საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარებასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა.
2. აღნიშნული განაჩენით ე---------- კ-----------ს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბერში ე---------- კ-----------მ მიმართა თ---–--–---------–--------------------–------------–----------------------- ტურისტულ კომპანიას და ითხოვა კანადის ვიზის მიღებაში დახმარება. შპს ,,ვ----------------ს“ დირექტორ თ----- ო----სა და ე---------- კ-----------ს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომ იგი ტურისტულ კომპანიას წარუდგენდა ყველა საჭირო დოკუმენტაციას, მათ შორის - ცნობას ბანკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ.
ე---------- კ-----------მ შპს ,,ვ----------------ს“ დირექტორ თ----- ო----ს გადასცა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა კომპანიის ოფისი, რომელიც მდებარეობს თ---–--–---------–--------------------–-, გაქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად დაიკარგა ე---------- კ-----------ს დოკუმენტაციაც. ამის გამო საჭირო გახდა გარკვეული დოკუმენტების აღდგენა, მათ შორის - ე---------- კ-----------ს მიერ წარდგენილი ცნობისა საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ. ვინაიდან ე---------- კ-----------ს იმ დროისათვის არ აღმოაჩნდა თანხა ცნობის ასაღებად, ისინი შეთანხმდნენ, რომ თ----- ო----ი შეიტანდა მის ანგარიშზე თანხას, რის საფუძველზეც ბანკის მიერ ცნობის გაცემის შემდეგ, ე---------- კ----------- დაუბრუნებდა ფულს. ე---------- კ-----------მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა თ----- ო----ის ფულს. იგი დასთანხმდა, საბანკო ცნობის მიღების შემდეგ თანხა დაებრუნებინა თ----- ო----ისათვის, რის შესრულებასაც არ აპირებდა.
შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 14 ნოემბერს ე---------- კ----------- და თ----- ო----ი შეხვდნენ ერთმანეთს და გაემართნენ თ---–--–---------------–---------------–- მდებარე სს „თ------------“ N2 სერვისცენტრში, სადაც თ----- ო----მა ე---------- კ-----------ს საბანკო ანგარიშზე შეიტანა - 7 090 ლარი და 2 000 აშშ დოლარი. ე---------- კ-----------ს ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ სს ,,თ----------მა“ გასცა შესაბამისი ცნობა. ე---------- კ-----------მ და თ----- ო----მა აიღეს მოლარე ოპერატორის რიგის ნომერი, რათა ე---------- კ-----------ს უკან გამოეტანა თანხა და დაებრუნებინა თ----- ო----ისთვის. ამ დროს ე---------- კ-----------მ იხელთა დრო, დატოვა ბანკის სერვისცენტრის შენობა და მიიმალა. ამ გზით იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თ----- ო----ის კუთვნილ ფულს. აღნიშნული ქმედებით თ----- ო----ს მიადგა - 12 397,6 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა და მსჯავრდებულმა ე---------- კ-----------მ.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ ე---------- კ-----------სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
მსჯავრდებულმა ე---------- კ-----------მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე---------- კ-----------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–---- მ------–---–მა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი ვანიძემ.
დაცვის მხარე საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სახელმწიფო ბრალმდებელი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ე---------- კ-----------სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ე---------- კ-----------სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №314აპ.-14), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ე---------- კ-----------ს ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს და იგი განეკუთვნება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროს და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად მსჯელობს ამ საკითხზე და განმარტავს, თუ რატომ არის გამოკვეთილი ე---------- კ-----------ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
10. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე---------- კ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მისთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე---------- კ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---- მ------–---–-სა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - გ------- ვ-----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე