განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066106
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №495აპ-18 ქ. თბილისი
ჩ-------ა თ-----, 495აპ-18 21 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ----- ჩ-------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 აგვისტოს განაჩენით თ----- ჩ-------ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ თ----- ჩ-------ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ-----ს რაიონის სოფელ ფ-–-------–ი მდებარე ა---- ა----–---ს საცხოვრებელ სახლში, თ----- ჩ-------ამ ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მკვრივი, ბლაგვი საგნების გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ა---- ა----–---ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ დააზუსტა თავისი პოზიცია და მოითხოვა მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ----- ჩ-------ამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. №399აპ-14; №83აპ-18). საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს თ----- ჩ-------ას მიერ ა---- ა----–---ს განზრახ მკვლელობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ოდოროლოგიური, სასამართლო-ფსიქიატრიული, სასამართლო-ფსიქოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით დასტურდება თ----- ჩ-------ასათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. შესაბამისად, კასატორის პოზიცია უდანაშაულობის შესახებ უსაფუძვლოა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ----- ჩ-------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე