განჩინება

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
020100117002039024
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002039024

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №534აპ-18 ქ. თბილისი

გ---------ა ლ------, 534აპ-18 22 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ------ გ---------ას ბრალი დაედო ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1996 წლიდან მ------ გ-------ა ფლობს და სარგებლობს წ--–-------ს რაიონის სოფელ ფ-----–--–ი მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, რომელსაც ამუშავებს ყოველწლიურად და მოჰყავს მოსავალი. 2017 წლის 28 აპრილს მ------ გ-------ამ გადაწყვიტა, დაემუშავებინა წ--–-------ს რაიონის სოფელ ფ-----–--–ი მდებარე, მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაშიც მას დახმარება შესთავაზა მეზობლად მცხოვრებმა ბ------ გ---------ამ. 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბ------ გ---------ა საკუთარი ტრაქტორით შევიდა მ------ გ-------ას მიწის ნაკვეთზე და დაიწყო მიწის დამუშავება. ეს შენიშნა მეზობლად მცხოვრებმა ლ------ გ---------ამ, რომელიც სისტემატურად აიძულებდა მ------ გ-------ას, თავი შეეკავებინა მიწის დამუშავებისაგან და არ ესარგებლა მისით. ნანახით გაბრაზებულმა და განაწყენებულმა ლ------ გ---------ამ, იმის გამო, რომ მ------ გ-------ამ არ შეასრულა მისი სისტემატური უკანონო მოთხოვნა, კვლავ მოსთხოვა, შეეწყვიტა მიწის დამუშავება. მას შემდეგ, რაც ლ------ გ---------ამ მიიღო უარი, თავისი მიზნის შესასრულებლად, მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად შესულ ბ------ გ---------ას არ მისცა მისი დამუშავების საშუალება და დაუზიანა ტრაქტორის მინა, რითაც მ------ გ-------ას შეეზღუდა მიწის დამუშავების თავისუფლება, რისი განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ლ------ გ---------ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ლ------ გერდეგავას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ------ გ---------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. სასამართლომ განმარტა, რომ იძულების შემადგენლობა გამოკვეთილია მაშინ, როცა პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო მიწა არის სახელმწიფო საკუთრება. ასევე დადგენილია, რომ ეს მიწა უვადო შეზღუდულ სარგებლობაში აქვს გადაცემული სკოლას 2014 წელს. ლ. გ---------ას მიერ ქმედების ჩადენის მომენტში მიწის ნაკვეთი დაზარალებულისათვის სარგებლობაში არ ყოფილა გადაცემული. აქვე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ სკოლის დირექტორ ხ------- ფ-----ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ დაზარალებულისათვის მას მიწის ნაკვეთი არ გადაუცია სარგებლობაში, დაზარალებული მისი ნებართვის გარეშე სარგებლობდა მიწით. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაზარალებული მ------ გ-------ა ჩაასახლეს სკოლის შენობაში, თუმცა ვერც ერთმა მოწმემ ვერ მიუთითა ჩასახლების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ. საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგენა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ მიწის დამუშავების სამართლებრივ საფუძველს და იმას, რომ დაზარალებულს ჰქონდა სამართლებრივი უფლება, შეესრულებინა ის მოქმედება, რაც შეზღუდა ლ. გ---------ამ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა დაზარალებულის უფლება მიწით სარგებლობაზე, რის გამოც ლ. გ---------ას ქმედება ვერ ჩაითვლება ამ უფლების განხორციელებაში ხელის შეშლად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელიც საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ------ გ---------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------ გ---------ას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა, რომ ლ------ გ---------ა მოქმედებდა განზრახ და მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არღვევდა სხვის, კერძოდ, მ------ გ-------ას უფლებას, ვინაიდან ამ უფლების არსებობა ვერ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. უფრო მეტიც, ლ------ გ---------ა მიწას თავისად მიიჩნევდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დასტურდება დაზარალებულის უფლება მიწით სარგებლობაზე, რის გამოც ლ------ გ---------ას ქმედება ვერ ჩაითვლება ამ უფლების განხორციელებაში ხელის შეშლად.

 

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე