განჩინება

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
330100117001855149
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001855149

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №516აპ-18 ქ. თბილისი

ქ-----ა შ--–--, 516აპ-18 22 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხახანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ--–-- ქ-----ას ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით შ--–-- ქ-----ა გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ტიპის დანაშაული, კერძოდ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 27 თებერვალს ქ.თ---–--–ი, წ-------–-ს გამზირის N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლებმა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაატარეს შ--–-- ქ-----ას პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს 0.1835 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით შ--–-- ქ-----ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდა შ--–-- ქ-----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 10000 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, შ--–-- ქ-----ას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, შ--–-- ქ-----ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ ბ------ ჯ---–---–-ა განმარტა, რომ შ--–-- ქ-----ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მომწვანო ფერის მასა. მოწმე შ----- ლ---–---–-ა განაცხადა, რომ შ--–-- ქ-----ასაგან ამოიღეს ყავისფერი მასა. თენგიზ ჩიკვაიძის განმარტებით კი პოლიციის განყოფილებაში მან იხილა შ--–-- ქ-----ასგან ამოღებული გამჭვირვალე პოლიეთილენის დალუქული პარკი. უშუალოდ შ--–-- ქ-----ას პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მომწვანო-მორუხო ნივთიერება, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩაუტარდა მოყავისფრო ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.

 

ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას დადასტურდა, რომ შ--–-- ქ-----ას პირადი ჩხრეკის შედეგად მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებულია გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო-მორუხო მასა 3 პაკეტად, რომელშიც აღმოჩნდა არა მომწვანო-მორუხო (როგორც მითითებულია პირადი ჩხრეკის ოქმში), არამედ მოყავისფრო ნივთიერება (როგორც მითითებულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში). 2017 წლის 28 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში და შავ-თეთრი ფერის ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 0.4337 გრამი, 0.5221 გრამი და 0,4486 გრამი, საერთო წონით - 1,4044 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0.1835 გრამს, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა: გარდა იმისა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში არსადაა დაფიქსირებული, ნივთიერებები რა ფერის და სახეობის პაკეტებში იყო მოთავსებული, ასევე ნივთიერებების ერთ პაკეტში დალუქვამდე ისინი რა ფერის და რა სახეობის პაკეტებში მოათავსეს, აშკარაა, რომ თერმულად დამუშავება, ისევე როგორც წებოვანი ლენტით პაკეტის შეკვრა, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირების მხრიდან გარკვეულ მოქმედებებს მოითხოვდა, რაც არაა ასახული ჩხრეკის ოქმში, არ არის დაწვრილებით აღწერილი ამოღებული ნივთი, ნივთიერება, თუ საგანი. მოცემულ შემთხვევაში წინააღმდეგობები არსებობს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას შორის. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ უარყო გონივრული ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის ან მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ, რის გამოც ხსენებულ მტკიცებულებებს, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოს, მხედველობაში ვერ მიიღებს. ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა შ--–-- ქ-----ას ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად ვერ იქნება მიჩნეული, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები პირდაპირ არ მიუთითებს შ--–-- ქ-----ას მხრიდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაზე.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ხახანაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და შ--–-- ქ-----ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა, კერძოდ, შ--–-- ქ-----ასათვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მოცემულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

9. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

10. ამდენად, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად წარმოიშვა ეჭვი შ--–-- ქ-----ას ბრალეულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ სრულიად სამართლიანად გადაწყვიტა იგი ბრალდებულის სასარგებლოდ და დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხახანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე