განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066107
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№584აპ-18 ქ. თბილისი
მ-----–-–---–- რ---–----, 584აპ-18 19 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ---–---- მ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით რ---–---- მ-----–-–---–-, – დაბადებული 19---–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, და მ------ ქ–-----–---–-, – დაბადებული 1----–-–-----------–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2016 წლის 19 მაისიდან. მათვე 10-10 წლით ჩამოერთვათ საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5-5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი რ---–---- მ-----–-–---–-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად, ხოლო მ------ ქ–-----–---–-ს მიმართ შეიცვალა: დამტკიცდა პროკურორ კონსტანტინე ცაცუასა და მსჯავრდებულ მ------ ქ–-----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, მ------ ქ–-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---–---- მ-----–-–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
§ რ---–---- მ-----–-–---–მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1306 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც 2016 წლის 19 მაისს მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თ---–------------–----–--ის საავტომობილო გზის 2--- კილომეტრზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა. მან ითხოვა რ---–---- მ-----–-–---–-ს გამართლება შემდეგი მოტივებით: მას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია; პოლიციელებმა დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის 120-121-ე მუხლების მოთხოვნები; ექსპერტ-ნარკოლოგების სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, მსჯავრდებული კლინიკურად ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა; ნარკოტიკული საშუალება მას ჯიბეში პოლიციელებმა ჩაუდეს, ამიტომაც არ აღმოჩნდა ამოღებულ ნარკოტიკზე რ. მ-----–-–---–-ს გენეტიკური პროფილი. კასატორი საჩივარში ასევე უთითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე – „ვრონჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ“ (Vronchenko v. Estonia (N59632/09; 18/07/2013)), საიდანაც იკვეთება, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპული სასამართლო პირის ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად ნივთიერ მტკიცებულებაზე ბრალდებულის დნმ-ს კვალის არსებობის ფაქტს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული რ---–---- მ-----–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ:
7.1. 2016 წლის 19 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა რ---–---- მ-----–-–---–ს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს თეთრ რეზინით თავმოკრულ ნაჭერსა და პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკის თავმოკრულ ნაჭერში 2 ცალად შეხვეული აბის ფორმის ნივთიერება, რომელიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა.
7.2. სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2016 წლის 20 მაისის №825/სქ–933/ქრ დასკვნის თანახმად, რ---–---- მ-----–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, 6,53 გრამი საერთო წონის აბები და თეთრი ფერის აბის ჩამონატეხები ფხვნილთან ერთად წარმოადგენს „ბუპრენორფინის“ შემცველ აბებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ საერთო რაოდენობაა 0,1306 გრამი. ექსპერტმა სოფიო ცქვიტარიამ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
7.3. ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 20 მაისის №7022246 დასკვნიდან ირკვევა, რომ, მართალია, რ---–---- მ-----–-–---–- კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, მაგრამ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად მას დაუდგინდა „ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი.
8. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ, ვინაიდან რ---–---- მ-----–-–---–-ს პირადი ჩხრკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე არ აღმოჩნდა მსჯავრდებულის დნმ-ს კვალი, ამიტომ ეს ნარკოტიკი მას არ ეკუთვნის და, შესაბამისად, დანაშაული არ ჩაუდენია, შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2016 წლის 22 ივლისის №004219116 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლელად წარდგენილ, გამჭვირვალე, წებოვან ლენტსა და მოთეთრო, რეზინისმაგვარ ფრაგმენტებზე ხელის თითის კვლები, დვრილოვანი ხაზების სახით, არ გამოვლინდა. ექსპერტმა ბესიკ ნოზაძემ დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ კვალი რჩება იმის მიხედვით, რამდენად ძლიერად მოხდა მასზე შეხება; კვალი შეიძლება დარჩეს, შეიძლება – არა.
8.2. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2016 წლის 2 აგვისტოს №--------- და 2016 წლის 16 სექტემბრის №--------- დასკვნების თანახმად, პაკეტში წარწერით „...„ბუპრენორფინის“ შემცველი ტაბლეტები, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი“, მოთავსებულ, გამჭვირვალე, წებოვანი ლენტის ფრაგმენტსა და მოთეთრო, რეზინისმაგვარი მასალის ფრაგმენტებზე აღმოჩნდა ერთზე მეტი პირის ბიოლოგიური მასალა, რომლის გენეტიკური პროფილი შერეულია და მისი მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს. შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი განსხვავდება რ---–---- მ-----–-–---–-ს გენეტიკური პროფილისაგან. გენეტიკურ პროფილში მისი გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ექსპერტებმა – ქ------- ქ--------–-–---–მა და ნ---- კ--–----ემ დაადასტურეს თავიანთი დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ გენეტიკური პროფილი უნიკალურია და არ მეორდება (გარდა ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპებისა), ხოლო ბიომასალის კონტაქტური გზით დარჩენა-არდარჩენის საკითხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
8.3. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი სადავოდ არ მიიჩნევს ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილ ფაქტებს, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე რ---–---- მ-----–-–---–-ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა და ასევე, მასზე ხელის თითის კვლები საერთოდ არ აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნავს, რომ საყურადღებოა ექსპერტების ჩვენებების ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს, ან არ დარჩეს გამოსაკვლევ ობიექტზე კვალი, კერძოდ:
8.4. ექსპერტებმა – ქ------- ქ--------–-–---–მა და ნ---- კ--–----ემ დაადასტურეს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მიუთითეს, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე (ობიექტი N1) აღმოჩნდა ერთზე მეტი პირის შერეული პროფილი, თუმცა რ---–---- მ-----–-–---–-ს გენეტიკური თანამონაწილეობა მასში არ გამოვლენილა. ექსპერტებმა განმარტეს, რომ მათ არ შეუძლიათ, დანამდვილებით ამტკიცონ, ხელის მოკიდებით ობიექტზე დარჩებოდა თუ არა გენეტიკური პროფილი; შეიძლება, დარჩენილიყო, შეიძლება – არა. შესაძლებელია, ობიექტზე არ აღმოჩნდეს ბიოლოგიური მასალა, მიუხედავად მასზე ხელით შეხებისა, იმ შემთხვევაში, როცა სხვა ბიოლოგიური მასალა ბევრად აღემატება მას. ამ დროს სხვა ბიოლოგიური მასალა შესაძლოა, იყოს იმდენად მეტი, რომ გადაფაროს იგი და არ გამოვლინდეს გენეტიკურ პროფილში. მანვე მიუთითა, რომ ობიექტზე ბიოლოგიური პროფილის შენარჩუნების ვადა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე, შენახვის პირობებზე, ობიექტის გენეტიკური კვლევისათვის ვარგისიანობაზე, რის შედეგადაც ბიოლოგიური მასალა შესაძლებელია, დარჩეს წლები, ან – ერთი დღე. მასზე სხვა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია, დარჩეს, ან არ დარჩეს კვალი.
9. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ რ---–---- მ-----–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, თუმცა მათ ვერ წარმოადგინეს რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები მსჯავრდებულს აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. მოწმეების – შ--–-- ქ-------ის, გ------ ც--–--ის, გ------- მ----–---ს, დ----- ა---–--ის, ლ---- გ-----–---–ის, გ------- ლ-------–---–ისა და სხვათა ჩვენებებით, საქმეზე შეკრებილი სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული რ---–---- მ-----–-–---–-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი. ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებით არ დადასტურდა შემთხვევის ადგილზე ვიდეოგადაღების წარმოება და საქართველოს სსსკ-ის 120-121-ე მუხლებით გათვალისწინებული ამოღების, ჩხრეკისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების წესის დარღვევა.
10. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების თანმიმდევრული ჩვენებები, რომელთა ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; რ---–---- მ-----–-–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან რ---–---- მ-----–-–---–-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მითუფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. გარდა ამისა, კასატორის საჩივარში მოყვანილ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე – „ვრონჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ“ (Vronchenko v. Estonia (N59632/09; 18/07/2013)) ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობით, როდესაც პირის მსჯავრდებისათვის არსებობს მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, დნმ-ის კვალის (გენეტიკური პროფილის) არარსებობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება (გადაწყვეტილების 64-ე აბზაცი).
11. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ---–---- მ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე