განჩინება

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
170100118002357370
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100118002357370

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№503აპ-18 ქ. თბილისი

კ---–---- ე-------, 503აპ-18 28 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მ--სის განაჩენით ე------- კ---–----, – დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული ე. კ---–---- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე------- კ---–---ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, წ--–-ის რაიონის სოფელ ა–---–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ე------- კ---–---მა ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების – ი----- და გ----- კ---–---ების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში მარჯვენა მუშტის არაერთხელ დარტყმით იძალადა მეუღლეზე – კ--------- კ---–---ზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

· 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 15:00-16:00 საათების შუალედში, წ--–-ის რაიონის სოფელ ა–---–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ე------- კ---–---მა ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კისერში მარჯვენა ხელის არაერთხელ ძლიერად მოჭერითა და მარცხენა მკერდზე ხელის ძლიერად მოჭერით იძალადა მეუღლეზე – კ--------- კ---–---ზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

· 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:10 საათზე, წ--–-ის რაიონის სოფელ ა–---–-ში ე------- კ---–---მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მარჯვენა მუშტის სახეში მრავალჯერ დარტყმით იძალადა მეუღლეზე – კ--------- კ---–---ზე, რომელსაც ემუქრებოდა მოკვლით, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ე------- კ---–----ს საქართველოს სსკ-ის მე-111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულფასოვნად არ შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ე------- კ---–----ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა კ--------- კ---–---მა, მოწმეებმა – ი----- და გ----- კ---–---ებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 14 მარტის №--------- დასკვნით (რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა) დადგენილია მხოლოდ ის, რომ კ--------- კ---–---ს სხეულზე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანება, რომლებიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის მოწმეების – ბ------ ო------ის, ა--–-- შ----ის, მ--- ჯ-----------------ის, გ-------- მ---------სა და მ----------- მ----------ის ჩვენებებს), ისინი უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე