განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001236100
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№531აპ-18 ქ. თბილისი
დ---–-–---–- მ--–-, 531აპ-18 28 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ადეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით მ--–- დ---–-–---–-, – დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. გაუქმდა მ. დ---–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ--–- დ---–-–---–ს ბრალი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 4 ივლისს, დღის საათებში, თ---–--–ი, ც----ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–- დ---–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე-–--- ხ------–---–ს ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ე. ხ------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ--–- დ---–-–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარემ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მ--–- დ---–-–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
6. გამართლებული მ--–- დ---–-–---–- შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ--–- დ---–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულ ე-–--- ხ------–---–ის ჩვენება სასამართლოში დაკითხულმა, ფაქტის შემსწრე მოწმეებმა: დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა – თორნიკე ბენდელიანმა, ბონდო დოღონაძემ, ლევან ჭოველიძემ და გიორგი კოკოზაშვილმა, ასევე – ელზა ლომინაძემ და თავად მ--–- დ---–-–---–მა არ დაადასტურეს. ყველა მათგანმა უარყო მ--–- დ---–-–---–-ს მიერ ე-–--- ხ------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მათვე დაადასტურეს, რომ ე-–--- ხ------–---–მა მთელ სხეულზე მიიყენა თვითდაზიანებები, რომლებიც, სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 2 ოქტომბრის №--------- დასკვნის თანახმად, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. გარდა ამისა, სასამართლომ სწორად არ გაიზიარა დაზარალებულ ე-–--- ხ------–---–ის, მოწმეების – დ----- ხ------–---–ის, ი---–-- მ---------სა და ი----- ჭ-------ს ჩვენებები, რომლებიც დაზარალებულის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან და მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება დანარჩენი მოწმეების ჩვენებებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ადეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე