განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002300600
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№471აპ-18 ქ. თბილისი
ქ---------- ს------, 471აპ-18 25 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენით ს------ ქ----------, – დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ, ს------ ქ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე; ს------ ქ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 30 დეკემბრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს------ ქ---------ს დაეკისრა ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსისა და ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---–---–--ში მცხოვრებ რ------ მ----------ს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან - ს------ ქ---------თან. ს. ქ---------- თავიანთი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რ. მ----------ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მათ შორის - 2014 წლის იანვარში, ასევე, 2017 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში, ს------ ქ---------მა რ------ მ----------ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბოლოს, 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში, ნასვამმა ს------ ქ---------მა ავტომანქანაში, რომელსაც თვითონვე მართავდა, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რ------ მ----------ი თმით ითრია და რამდენჯერმე სახეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ------ მ----------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლასა და ს------ ქ----------სათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე.
6. პროკურორის მითითებით, როგორც დგინდება, დაზარალებული შეშინებული და დათრგუნვილია. მსჯავრდებული დანაშაულებრივ ქმედებას ნასვამი სჩადიოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ, ზოგადად, მსჯავრდებული ალკოჰოლს ხშირად მოიხმარს, რის შემდეგაც იგი ოჯახის წევრებზე ძალადობს. ასევე, იგი ჩართულია აზარტულ თამაშებშიც, რამაც მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დაკარგვა გამოიწვია.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს------ ქ---------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, დამატებით ვალდებულებასთან ერთად.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე