განჩინება

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100117002181095
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002181095

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№374აპ-18 ქ. თბილისი

რუსტამოვი ზ-----, 374აპ-18 20 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ----- რ----------ს, - დ----------–-------–--–---- ბრალად წარედგინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 28 სექტემბრისა და ამავე წლის 29 სექტემბრის ეპიზოდები).

 

2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზ----- რ----------მა ქ. თ---–--–ი, გ-–----ის I მ/რ-ში, მ------–-–---–ის ქუჩა N1-ში მდებარე ბინა N4-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ე-–----- რ-----------ს თანდასწრებით, სცემა თავის მეუღლეს - ს----- ა-–-----------ას, კერძოდ - სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც სწვდა კისერში და ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი, რის შედეგადაც ს----- ა-–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეორე დღეს, 2017 წლის 29 სექტემბერს, იმავე საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 15:00 საათზე, ზ----- რ----------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ე-–----- რ-----------ს თანდასწრებით კვლავ იძალადა მეუღლეზე - ს----- ა-–-----------აზე, კერძოდ - ძლიერად მოქაჩა თმა და ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც ს----- ა-–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ზ----- რ-----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), გაერთიანდა ერთ ეპიზოდად და ზ----- რ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ ზ----- რ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნათია გურულმა და ითხოვა ზ----- რ-----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდისთვის) და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ----- რ-----------ს ქმედების ორ ეპიზოდად დაკვალიფიცირების თაობაზე და აღნიშნავს: მართალია, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სასამართლოების მიერ კანონის იმგვარად განმარტებას, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთჯერად განხორციელებულ, ისე სისტემატურ ძალადობასაც, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ს----- ა-–-----------ას სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირების შესახებ ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, მოწმეების დაკითხვის ოქმებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ ზ----- რ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ერთი ეპიზოდი). საკითხის შეფასებისას საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულ ზ----- რ-----------ს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ განმარტებას, მის მიერ ქმედების ჩადენის დროსა და ხასიათს და მიაჩნია, რომ ზ----- რ-----------ს მიერ განხორციელებული ორი ძალადობრივი აქტი ორ დამოუკიდებელ დანაშაულად არ უნდა იქნეს დაკვალიფიცირებული. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის N355აპ-18 განაჩენი როინ გიკაშვილის მიმართ).

 

10. პროკურორი ნათია გურული საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს ზ----- რ-----------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე შეუფარდა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. რაც შეეხება პროკურორის მიერ საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ზ----- რ----------მა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რა თქმა უნდა, პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სულისკვეთებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ზ----- რ-----------სთვის შერაცხული ქმედების (ოჯახური ძალადობის) ჩადენა მომეტებულად გასაკიცხია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მას მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე