განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002012710
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №564აპ-18 ქ. თბილისი
მ----ა თ------, 564აპ-18 18 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ------ მ----ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- თ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით თ------ მ----ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 მარტიდან. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
თ------ მ----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის №12/878-2017 განჩინებით 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, თ------- მ----ას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ფ----–ი, მ------ კ-–---ს ქ. N---ში (1-ლი სართული, ბინა N-, ფართი 75 კვმ, საკადასტრო კოდი 0--0-.0-.1--.0-.00-) უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს; ლაქები, ნამსხვრევები, სარკე, რკინის დეტალი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
2. განაჩენით მსჯავრდებულ თ------ მ----ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ფ----–ი, დ----- ა----–-----–-ს სახელობის ხიდზე რ---------–-ს რკალის მიმართულებით ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომობილით, სახ.#--------- მოძრავმა თ------ მ----ამ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ხელის შემშლელი მიზეზების გარეშე დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები, სიჩქარის შენელების მიზნით გამოიყენა მკვეთრი მუხრუჭი, რის შედეგადაც მოუცურდა ავტომობილი, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე, დატრიალდა და საპირისპირო სავალი ზოლის მარცხენა კიდიდან დაახლოებით ორ მეტრში დაეჯახა ქვეით დ-------- გ-----–--ს, ხოლო შემდეგ შეეჯახა ელექტროგანათების ბოძს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით ქვეითი დ-------- გ-----–-- ადგილზე გარდაიცვალა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ------ მ----ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–---------- თ-----–-–---–-ა. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, მსჯავრდებულ თ------ მ----ასათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ან/და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მინიმალური სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო; სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა თ. მ----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს თ------ მ----ას მიერ ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევაზე, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება თ. მ----ასათვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
3. რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თ------ მ----ას მსჯავრი დაედო მძიმე კატეგორიის, სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში იღებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმეს, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას, პატიების თხოვნას, გულწრფელ მონანიებას, წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, დამნაშავის ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ (იგი ეცადა დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარებას, აღიარა დანაშაული).
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დისკრეცია შეზღუდულია არა მხოლოდ კონკრეტული სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ზომის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრით (განსახილველ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე), არამედ - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებთან შესაბამისობის გათვალისწინებითაც.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია: მსჯავრდებულ თ------ მ----ას ქმედების - შექმნილი ვითარების არაადეკვატურად შეფასების გამო თვითიმედოვნებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და საჭიროების გარეშე მკვეთრი დამუხრუჭებისა, ასევე, მისი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან/და 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიების, ქმედების ჩადენის შემდეგ დამნაშავის ყოფაქცევის გათვალისწინებით, თ------ მ----ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს სანქციის მინიმუმი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ------ მ----ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- თ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. თ------ მ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4. თ------ მ----ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 მარტიდან.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ------ მ----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის №12/878-2017 განჩინებით 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, თ------- მ----ას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ფ----–ი, მ------ კ-–---ს ქ. N---ში (1-ლი სართული, ბინა N-, ფართი 75 კვმ, საკადასტრო კოდი 0--0-.0-.1--.0-.00-) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
6. ნივთმტკიცებები - მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს; ლაქები, ნამსხვრევები, სარკე, რკინის დეტალი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე