განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
330100116001422231
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001422231

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

#331აპ.-18 ქ. თბილისი

ლ---------–---- გ-------, 331აპ.-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ლ---------–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ხ-------ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ლ---------–---ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 10 იანვარს გ------- ლ---------–---- მეგობრებთან – ს-------- ლ---–---–სა და ე-–-- ქ--------სთან ერთად თხილამურებით სასრიალოდ იმყოფებოდა სამთო–სათხილამურო კურორტ გ---------ში, სადაც სათხილამურო–სპორტულ ბაზა – შპს „ს-----------ში“ სხვა ბავშვებთან ერთად თხილამურებით სრიალში ემზადებოდა არასრულწლოვანი - 12 წლის ს--–---- ტ----–---–-. დაახლოებით 14:20 საათზე გ------- ლ---------–---- თხილამურით დაეშვა ე.წ. „კ---------–ის“ სასრიალო ტრასაზე, სადაც ასევე სრიალებდა ს--–---- ტ----–---–-. სრიალისას გ------- ლ---------–---მა არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებსა და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისათვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან დიდი სიჩქარით შეეჯახა მოსრიალე ს--–---- ტ----–---–ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ------- ლ---------–---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი. გ------- ლ---------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკეთა.

 

4. კასატორი - მსჯავრდებულ გ------- ლ---------–----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ------ ხ-------ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და გ------- ლ---------–----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად არ შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შედეგად სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი; საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ------- ლ---------–---მა უგულებელყო მანევრირების წესები, რაც გახდა ს--–---- ტ----–---–-ს გარდაცვალების მიზეზი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, დეტალურად იმსჯელოს და შეაფასოს გ. ლ---------–----ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ------- ლ---------–----ს მიერ ს--–---- ტ----–---–-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტი.

 

2. პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ წინდახედულების ნორმები არ გულისხმობს მხოლოდ დაწერილ ნორმებს და ამ ცნების ქვეშ მოიაზრება ზოგადი ქცევის ისეთი წესებიც, რომელთა გათვალისწინება ყველა ადამიანს ევალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონით დაცული სიკეთის ხელყოფა. აქედან გამომდინარე, თხილამურებით მოსრიალე ყველა ადამიანს გააჩნია ვალდებულება, შეარჩიოს ისეთი სიჩქარე, სრიალის მანერა და დისტანცია, რაც სხვებისთვის იქნება უსაფრთხო. მოცემულ შემთხვევაში გ. ლ---------–---მა ვერ შეარჩია სრიალის ისეთი სიჩქარე და მანერა, რითაც შეძლებდა, თავიდან აეცილებინა დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

3. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ შეჯახებამდე გ------- ლ---------–---- სახიფათოდ სრიალებდა, ვერ ინარჩუნებდა ბალანსს, დიდი სისწრაფით, პირდაპირი დაშვებით მოსრიალებდა და ფეხები უკანკალებდა, თითქოს, თხილამურებს ვერ იმორჩილებდა, რის გამოც შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მან სრიალი არ იცოდა.

 

4. ამდენად, გ------- ლ---------–----ს მხრიდან წინდახედულების ნორმების დარღვევა გამოიხატა სწორედ იმაში, რომ არ გაითვალისწინა საკუთარი ქმედების შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ ის, რომ მაღალი სიჩქარით სრიალი, არასათანადო კონტროლის პირობებში, ქმნის სხვისთვის ზიანის მიყენების მომეტებულ საფრთხეს, მაშინ, როდესაც აღნიშნული შედეგის გათვალისწინება მას შეეძლო და ევალებოდა კიდეც (მითუმეტეს, რომ მოწმე გ-------– ა--–------სა (მწვრთნელი) და თავად ბრალდებულის ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. ლ---------–---მა თხილამურებით სრიალი ისწავლა დაახლოებით 4 წლის ასაკში, კარგად ფლობს სრიალისა და მანევრირების ტექნიკას, იცნობს თხილამურებით უსაფრთხო სრიალის წესებს, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში - მოსალოდნელ რისკებსაც).

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- ლ---------–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ხ-------ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, კერძოდ:

 

5.1. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი ფაქტობრივად იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ აღიარებს და არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული შეფასება სამართლებრივად მიზანშეუწონელია, ვინაიდან პირისათვის წარდგენილი ბრალდების არაღიარების პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა ირიბად ეწინააღმდეგება ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებას, არ მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

5.2. იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ლ---------–---- შემთხვევისას იყო 19 წლის, არის ქ. პ-----ის ა---–-------------–ი უნივერსიტეტის სტუდენტი, შემთხვევამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამართლიანია მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის მინიმუმის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- ლ---------–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ხ-------ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ გ------- ლ---------–---ს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე