განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219002866446
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
7I-19 თბილისი
ბ--–------ მ-------, 7I-19 7 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ - გ-- გ---------ას
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ------- ბ--–------ს
თარჯიმან - ნ---- გ--------ას
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ------- ბ--–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ------- ბ--–------ს მიმართ თ--------ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2012 წლის 8 ივნისს თ--------ის რესპუბლიკის ქ. ა---------ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით მ. ბ--–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება, პროსტიტუციის განხორციელების იძულება, ამ მიზნით შუამავლობის გაწევა ან ადგილის გამოყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 6 დაზარალებულის წინააღმდეგ. აღნიშნული განაჩენით მ. ბ--–------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 24 წლით, 24 თვითა და 90 დღით თავისუფლების აღკვეთა. თ--------ის კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ დაზარალებულთან მიმართებით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელი დაინიშნა ცალ-ცალკე.
2014 წლის 4 ივლისს თ--------ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-9 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
2014 წლის 3 ნოემბერს თ--------ის რესპუბლიკის ქ. ა---------ის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა მ. ბ--–------ს ძებნისა და დაკავების ბრძანება.
2014 წლის 26 დეკემბრიდან მ. ბ--–------ თ--------ის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. მ. ბ--–------ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2015 წლის 14 იანვარსა და 2018 წლის 26 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო მ. ბ--–------ს ექსტრადიციის თაობაზე თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2018 წლის 6 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ--------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ბ--–------.
2018 წლის 6 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ბ--–------ს მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2018 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ბ--–------ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 6 იანვრამდე.
2018 წლის 9 ოქტომბერსა და 2019 წლის 3 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ბ--–------ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2019 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ბ--–------ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 6 აპრილამდე.
ამჟამად მ. ბ--–------ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
თ--------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მ. ბ--–------მ ჩაიდინა შემდეგი ქმედებები:
2010 წლის 3 მარტს მ. ბ--–------მ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - მ. მ-ს, თ. რ-ს და 4 სხვა ქალბატონს გაუწია დახმარება თ--------ის რესპუბლიკის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში. თ--------ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, მ. ბ--–------მ ეს პირები წაიყვანა ფოსოფის რაიონში და თავდაპირველად განათავსა საკუთარ კაზინო „ქარადენიზში,“ სადაც აღნიშნულ ქალბატონებს დაშინებით, მუქარითა და ძალადობით წაართვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და პასპორტები, ხოლო შემდეგ ჩაკეტა იმავე რაიონში მდებარე სასტუმრო „კ-–--–ი.“ ხსენებულ სასტუმროში მ. ბ--–------ მათ აიძულებდა ფულადი თანხის სანაცვლოდ დაკავებულიყვნენ პროსტიტუციით, ხოლო პროსტიტუციით მიღებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა მ. ბ--–------. ამასთან, ქალბატონების მიერ პროსტიტუციაზე უარის თქმის შემთხვევაში მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ, რომ საქართველოში მცხოვრები გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით ქალბატონთა ოჯახის წევრებს გაუსწორდებოდნენ.
4. 2019 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი მ------- ბ--–------ს (M------------) თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის ქ. ა---------ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება, პროსტიტუციის იძულება, ამ მიზნით შუამავლობის გაწევა ან ადგილის გამოყოფა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მ------- ბ--–------ს (M------------) თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის ქ. ა---------ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება, პროსტიტუციის იძულება, ამ მიზნით შუამავლობის გაწევა ან ადგილის გამოყოფა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ-- გ---------ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმებას.
7. კასატორის მითითებით, მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც მონაწილეობდნენ მ. ბ--–------ს დამნაშავედ ცნობაში - ორგანიზაცია „ფეტოს“ წევრობის გამო გასამართლდნენ; მიუხედავად იმისა, რომ მ. ბ--–------მ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ლტოლვილთა სამინისტროს, მათი პასუხის მიხედვით, ივლისის თვეში აღნიშნული განცახადება არ იძებნება. ამდენად, შესაძლოა, მიმართვა კონკრეტული პირისა და ორგანოს დაუდევრობით დაიკარგა.
8. კასატორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მ------- ბ--–------ არის რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრი; მას დანაშაული არ ჩაუდენია და იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო; ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არანაირი კაშირში წარდგენილ ბრალდებასთან არ გააჩნია და ადვოკატ თაილან ოზილმანის სააპელაციო საჩივარზე დართული მასალების თანახმად, დაზარალებულები საერთოდ არ იცნობენ მ. ბ--–------ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ--------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ------- ბ--–------ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 6 ივლისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მ------- ბ--–------ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. კასატორის მითითება ექსტრადიციის შემთხვევაში მ------- ბ--–------ს მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების თაობაზე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან. სიტუაციის ზოგადი აღწერა (რომ მ. ბ--–------ იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო) არ არის საკმარისი და იგი საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამათკულოვი და სხვები თ--------ისწინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).
5. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს წერილის თანახმად, მ. ბ--–------ს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით სამინისტროსათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით. იმავე დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის წერილით ირკვევა, რომ ადვოკატმა გ-- გ---------ამ შსს მიგრაციის დეპარტამენტს მ. ბ--–------სათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო, მ. ბ--–------ს უარი ეთქვა საქმის არსებით განხილვაზე. ამასთან, მ. ბ--–------ს მიერ მითითებული განცხადება (2018 წლის 16 ივლისს N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გაგზავნილი) შესაბამისი უწყებების ელექტრონულ სისტემაში არ იძებნება.
6. რაც შეეხება წაყენებული ბრალის უსაფუძვლობასა და კასატორის მითითებას, რომ დაზარალებულები მ. ბ--–------ს არც კი იცნობენ, პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილება პირის ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
7. საკასაციო პალატა აგრეთვე მხედველობაში თ--------ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომლის თანახმადაც ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ბ--–------ ისარგებლებს იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული უფლებებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ--------ის რესპუბლიკა. დამატებით წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, მ. ბ--–------ს აგრეთვე შეუძლია ისარგებლოს საქმის ხელახალი განხილვის უფლებით.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ------- ბ--–------ს (M------------) თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის ქ. ა---------ის სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება, პროსტიტუციის იძულება, ამ მიზნით შუამავლობის გაწევა ან ადგილის გამოყოფა) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ------- ბ--–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე