განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001952085
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №561აპ-18 ქ. თბილისი
ვ---------–---–ი რ----, 561აპ-18 15 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- რ---------–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით რ---- ვ---------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 აპრილიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
განაჩენით მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რ---- ვ---------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და სხეულში უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - ,,მეთადონის‘‘ (მარილის) შემცველი 28 აბი, წონით 12,3 გრამი, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით, 0,55 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს‘‘ (მარილს) და ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი 79 აბი, წონით 31,18 გრამი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,62 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს‘‘. 2017 წლის 26 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები რ---- ვ---------–---–ისგან ამოიღეს მას შემდეგ, რაც მან ისინი ნებაყოფლობით გამოდევნა სხეულიდან თ---–--–ი, კ--–-----ს ქ.#---ში არსებულ შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ სპეციალურ ოთახში.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–ის გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- რ---------–---–-ა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. ვ---------–---–ის გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №515აპ-14, 238აპ-16) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
7. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
8. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ზ. ტ------–---–-ს, დ. მ-–---–----ს, თ. მ------–---–-ს, ლ. გ-----------–---–-ს, ნ. ყ--------–---–-ს, მ. დ---–---ს, ი. თ-------ს, ა. დ---------ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, შპს ,,ნ--------------–--ს‘‘ რადიოლოგიური განყოფილების ექიმ-რადიოლოგის მიერ გაცემული დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის #------- და ქიმიური ექსპერტიზის #------------ქრ დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ, თითქოს, გარკვეული სხვაობა არსებობს ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმში მითითებულ მონაცემებსა და იმავე ნარკოტიკული საშუალებების თაობაზე ექსპერტის დასკვნაში მითითებულ მონაცემებს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
10. ამოღების ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაციისა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებით, ასევე აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და ექსპერტიზის გამცემი პირების ჩვენებებით ნათლად ჩანს, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად დალუქული წარედგინა სწორედ ის პაკეტები, რომლებშიც საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთები იყო მოთავსებული. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტებში არსებულ ლუქზე იკითხებოდა თავად მსჯავრდებულის სახელი/გვარი და ხელმოწერა; ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ამოღების ჩატარების დროს მსჯავრდებულისგან ამოღებული ნივთები დალუქულ პაკეტზე ამ უკანასკნელის მიერ გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერა (გარდა ამისა, ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტზე აღნიშნულია ზუსტად ის იდენტური ინფორმაცია, რაც ამოღების დროს დაფიქსირდა შესაბამისი პაკეტის ლუქზე, კერძოდ, ლუქის ნომერი, მონაწილეთა სახელები და გვარები, ხელმოწერები, დალუქვის თარიღი და ა.შ.), რაც მიუთითებს აღნიშნული პაკეტისა და მასში არსებული ნივთების/ნივთიერებების წარმომავლობაზე, მათ უცვლელობასა და ნამდვილობაზე.
11. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილი არ არის. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ: საქმის არსებითი განხილვის დროს აღნიშნული დასკვნის შემდგენი ექსპერტი დაიკითხა მოწმის სახით, რომელმაც მკაფიო და ნათელი პასუხები გასცა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, მან ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მართებულობა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაფუძნებულია პრაქტიკითა და კონკრეტული სტანდარტებით დადგენილ კვლევაზე, რაზედაც მეტყველებს ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის კატეგორიულობაც. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები (ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.), რომლებიც გახდებოდა მოცემული დასკვნის ან ექსპერტის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ---- ვ---------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- რ---------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე