განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002082807
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№596აპ-18 ქ. თბილისი
ჯ-----–---–ი ბ-------, 596აპ-18 13 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით ბ------- ჯ-----–---–ი, – დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 2 აგვისტოდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 10 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა და შენახვა არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
§ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბ------- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 4 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი და ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
§ 2017 წლის 2 აგვისტოს, 18:30 საათიდან 18:54 საათამდე მონაკვეთში, თ---–--–ი, დ. გ---–--ას ქ. №--ში განთავსებულ „ო--------–------------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობით მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და ასევე უკანონოდ შენახული, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, თეთრ დოლბანდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 13 აბი და აბის ნატეხები, რომელთა საერთო წონამ შეადგინა 5,4860 გრამი და რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით – 0,10972 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა. მან მოითხოვა ბ------- ჯ-----–---–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმავე მოტივებით, რაც სააპელაციო საჩივარში იყო აღნიშნული, კერძოდ: საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად; სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომელთა შორის შეუსაბამობაა; ნარკოტიკული საშუალება ბ------- ჯ-----–---–ს არ ჰქონია, ის პოლიციელებმა ჩაუდეს; მოწმედ არ დაიკითხა ბ. ჯ-----–---–ის დაკავების შემსწრე არცერთი პირი; არ ამოიღეს გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; არ დაადგინეს ნარკოტიკის წარმომავლობა და არ გაჩხრიკეს ბ. ჯ-----–---–თან ერთად მყოფი პ---–- კ------ს ავტომანქანა, რომელიც იქვე, ავტოსადგურში, იყო გაჩერებული; სასამართლომ არ გაიზიარა ნეიტრალური მოწმის – პ. კ------სა და თავად ბ------- ჯ-----–---–ის ჩვენებები; მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობისა, გამოძიებამ არ ჩაატარა დნმ-ისა და მიკრონაწილაკების ექსპერტიზები; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასა და პოლიეთილენის პარკზე ბ. ჯ-----–---–ის თითის კვალი არ აღმოჩნდა; პოლიციელები არ განმარტავენ, როგორ აღმოჩნდნენ 1 საათსა და 20 წუთში ქუთაისიდან თ---–--–ი, ო--------–------------------ში.
5. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ვახტანგ ჭუმბურიძე შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ნ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად და დეტალურად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
8. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული ბ------- ჯ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე