განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066404
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№557აპ-18 ქ. თბილისი
კ----–-–---–- რ-----, 557აპ-18 14 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხახანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით რ----- კ----–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
რ----- კ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის 25 მაისის ჩათვლით.
რ----- კ----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ----- კ----–-–---–ს დაეკისრა შემდეგი მოვალეობები: გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი; პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- კ----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც დაზარალებულების სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
რ----- კ----–-–---–- მეუღლეს - მ--- გ----–---–სა და შვილს - ნ---- კ----–-–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლახავდა მათ პატივსა და ღირსებას და ამცირებდა, რამაც მ--- გ----–---–ისა და ნ---- კ----–-–---–-ს სულიერი ტანჯვა გამოიწვია. 2014 წლის დეკემბერში რ----- კ----–-–---–-ს მიმართ სასამართლომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წლის 17 დეკემბერს, დილისა და ღამის საათებში თ---–--–ი, ტ-–-----ის ქუჩის N---ში მდებარე ბინა N---ში რ----- კ----–-–---–მა მ--- გ----–---–სა და ნ---- კ----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მათი სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ხახანაშვილმა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, იმის გათვალისწინებით, რომ რ----- კ----–-–---–- არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი, თუმცა ექსპერტის განმარტებით, არ წარმოადგენს საშიშროებას საკუთარი თავისა და გარშემომყოფთათვის, ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც საჭიროებს მისგან მოვლასა და დახმარებას, მისი ვაჟი დაავადებულია ფსიქიკურად და ესაჭიროება მშობლის მზრუნველობა, მიზანშეუწონლად მიაჩნია სასჯელის დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხახანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე