განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058749
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№613აპ-18 ქ. თბილისი
გ----------ი გ------, 613აპ-18 21 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------ გ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ------–--- ვ-–----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით გ------ გ----------ი, –-------------–-------–-–------------–-- ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ------ გ----------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 18 თებერვლიდან. მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ გ----------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
§ 2017 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ---–--–ი, ბ------- ხ---–--–-ის ქ. №1--, ბინა №1--ში, გ------ გ----------ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს – 0,00069 გრამ „მეტამფეტამინსა“ (მარილს) და 0,000105 გრამ „ამფეტამინს“.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ------–--- ვ-–----ემ. მან ითხოვა გ------ გ----------ის გამართლება იმ მოტივით, რომ საქმეში არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ადვოკატ ქ------–--- ვ-–----ის შუამდგომლობა და აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული გ------ გ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ:
8.1. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2017 წლის 18 თებერვლის ოქმიდან ირკვევა, რომ გ------ გ----------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს: სამზარეულოს ოთახში მდგარი მაცივრის კარის სახელურზე ჩამოკიდებული ნაგვის პოლიეთილენის პარკიდან – ორი 100-მილიგრამიანი პლასტმასის კონტეინერი თავსახურავებით, რომელთა შიდა ზედაპირზე არის გამჭვირვალე სითხის წვეთები; 6 ერთმილიგრამიანი ტევადობის ინსულინის შპრიცი, რომლებშიც არის მოყვითალო-მოყავისფრო მცირეოდენი სითხე; ლოჯიის ოთახში, მაგიდის ზედაპირიდან – 2 ლიტრი ტევადობის ლუდის გადაჭრილი ბოთლი „ბავარია“, რომელსაც გადაჭრილი მხრიდან აქვს წებოვანი ლენტით მიმაგრებული პოლიეთილენის პარკი თეთრი ძაფით, ხოლო თავსახურზე მიმაგრებული აქვს კუსტარულად დამზადებული ლითონის ფირფიტა, მასში არსებული ნამწვით. აღნიშნული ჩხრეკის ოქმი დადასტურებულია საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერით, მათ შორის – ბრალდებულ გ------ გ----------ის ხელმოწერითაც, რომელსაც ოქმში თავისი ხელით აქვს გაკეთებული მინაწერი, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებული ყველა საგანი მას ეკუთვნის.
8.2. ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 18 თებერვლის №701441 დასკვნის თანახმად, გ------ გ----------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა „ტატრაჰიდროკანაბინოლისა“ („მარიხუანის“) და „მეტადონის“ მოხმარების ფაქტი. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ------ კ----–-ამ.
8.3. სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 19 თებერვლის №3------------- დასკვნით: 1,0 მლ ერთჯერადი გამოყენების ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ყვითელი, 0,225 მლ სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს – 0,00044 გრ „მეტამფეტამინსა“ (მარილს) და 0,000012 გრ „ამფეტამინს“; 1,0 მლ ერთჯერადი გამოყენების ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ყვითელი, 0,075 მლ სითხე შეიცავს 0,00001 გრ ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“ (მარილს); 1,0 მლ ერთჯერადი გამოყენების ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული 0,06 მლ მოყავისფრო სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს – 0,00024 გრ „მეტამფეტამინსა“ (მარილს) და 0,000093 გრ „ამფეტამინს“; სამი 1,0 მლ ერთჯერადი გამოყენების ინსულინის ცარიელი სამედიცინო შპრიცის შიდა ზედაპირზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების კვალი; ორი პოლიმერული ჭიქის შიდა ზედაპირზე არსებული, უფერო, გამჭვირვალე სითხის კვალი წვეთების სახით შეიცავს 0,000015 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილს); 2,0 ლ ტევადობის პოლიმერული ბოთლის (ეტიკეტით „ბავარია“) შიდა ზედაპირზე არსებული დანაშრევი შეიცავს 0,00045 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“; ექსპერტიზაზე წარდგენილი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილს) საერთო რაოდენობა შეადგენს 0,00069 გრამს, ხოლო ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ – 0,000105 გრამს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა – ინა თ------ამ და ა-–---------- დ--------ემ.
8.4. მოწმე ბ------ ს---–--ემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მონაწილეობდა გ------ გ----------ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ჩხრეკაში, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ლოჯიიდან ამოიღეს პლასტმასის ბოთლი რკინის სახურავით, ხოლო მაცივრის კარზე ჩამოკიდებული პარკიდან – ერთჯერადი ინსულინის შპრიცები და კონტეინერები, რომლებიც, გ------ გ----------ის განმარტებით, მას ეკუთვნოდა; აღნიშნული ამოღებული ნივთები დაილუქა ბ------ ს---–--ის თანდასწრებით, რაზეც მან მოაწერა ხელი.
8.5. მოწმე ზ------ ს--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ------ გ----------ის საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩასატარებლად. გ------ გ----------მა განაცხადა თანხმობა და მოიყვანა მეზობელი ბ------ ს---–--ე. ჩხრეკისას სამზარეულოში, მაცივრის კარზე ჩამოკიდებული ნაგვის პოლიეთილენის პარკიდან ამოიღეს 100 მლ ტევადობის ორი კონტეინერი, რომელთა კედლებზე აღინიშნებოდა სითხის წვეთები, ინსულინის ერთჯერადი მოხმარების 6 შპრიცი მათში მოთავსებული მოყავისფრო სითხით; ლოჯიიდან ამოიღეს ლუდი „ბავარიის“ გადაჭრილი ბოთლი, რომელსაც წებოვანი ლენტით მიმაგრებული ჰქონდა პოლიეთილენის პარკი და ძაფი; ბოთლის სახურავში კუსტარულად ჩამონტაჟებული იყო ლითონისმაგვარი საგანი, რომელსაც აღენიშნებოდა ნამწვები. ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების კუთვნილება დაადასტურა ბრალდებულმა და ჩხრეკის ოქმსაც მოაწერა ხელი. ოქმს ასევე ხელი მოაწერა გ. გ----------ის მეზობელმა. არცერთ მათგანს რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამთ.
8.6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა – შალვა ფერაძემ და გიორგი როსოფიძემ.
9. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საქმეშია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------ გ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------ გ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ------–--- ვ-–----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე