განჩინება

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066713
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066713

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№603აპ-18 ქ. თბილისი

ქ---–--- გ-------, 603აპ-18 15 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ქ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ა--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით გ------- ქ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------- ქ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 14 თებერვლიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ქ---–---მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, თ---–--–ი, შ. ნ--–-----ის ქუჩაზე მდებარე N--- კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას გ------- ქ---–---მ განზრახ მოკვლის მიზნით, ი-----–- ღ-–-----ს გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- ქ---–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ---- ა--------ემ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ვინაიდან გ------- ქ---–---ს დაზარალებულის განზრახ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, განაჩენი უკანონოა როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გ------- ქ---–--ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაკვალიფიცირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება განზრახ მკვლელობის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

8. დაცვის მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის N227აპ.-16 განაჩენზე, რომლითაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (მათ შორის: დაზარალებულის ჩვენების შინაარსიდან არ იკვეთებოდა მსჯავრდებულის მხრიდან მასთან წინასწარ დაგეგმილად შეხვედრის მცდელობა, დაზარალებულს ფაქტობრივად ცალი ხელი პარალიზებული ჰქონდა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ დანა მჭრელი პირის მხრიდან ჩაარტყა მსჯავრდებულმა დაზარალებულს, დაზიანების მორფოლოგიური სურათიდან და დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ასევე დანის ფორმისა და ზომის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დანა ტარის მხრიდან იყო ჩარტყმული და სხვა გარემოებები), მსჯავრდებულის ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობიდან გადააკვალიფიცირა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე.

 

8.1 აღნიშნულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – ს------- კ---------ის, ლ---- ლ------ის, ნ---- შ--–-----ის ჩვენებებით, ვიდეოსერვერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ გ------- ქ---–--ის ქმედებაში განზრახ მკვლელობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური ნიშნების არსებობა, კერძოდ: გ------- ქ---–--ის დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ (გ------- ქ---–---სა და ი-----–- ღ-–-----ს შორის არსებობდა კონფლიქტი საწარმოს წილებთან დაკავშირებით), მის მიერ მიყენებული დაზიანების სიმძიმე და ლოკალიზაცია, ვითარება, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ მიუთითებს სწორედ დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტზე, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან.

 

9. რაც შეეხება სასჯელს, მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი არის როგორც მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ქ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ა--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე