განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001680458
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №556აპ-18 ქ. თბილისი
ნ------–---–- მ------, 556აპ-18 1 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ------ ნ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ტ--------–---–-ს, მსჯავრდებულ ს---–---- გ-------–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ მ----–------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ------ ნ------–---–ს ბრალი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში; ს---–---- გ-------–-–---–ს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში; მ-----– ფ------–---ს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გასაღებისა და გამოყენების მიზნით და გასაღებაში; ვ----– შ---–---–ს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში; გ------- ვ-----ს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში.
ü მ------ ნ------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ-------–--–-----–-–-------–- დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის პირველი საავტომობილო ოცეულის, პირველი საავტომობილო ათეულის მძღოლს, მასტერ - სერჟანტ მ------ ნ------–---–ს 2016 წლის 11 სექტემბერს ეწურებოდა სამხედრო სამსახურის გავლის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, რომლის გასაგრძელებლად საჭირო იყო სამედიცინო კომისიის გავლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის №360 ბრძანებით მოქმედი დებულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ნებისმიერი ტიპის დანაყოფში პირის სამხედრო შტატზე დასანიშნად ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნა იყო მხოლოდ ,,ა” (ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის) კატეგორიის შესაბამისი. ვინაიდან მ.ნ------–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა და ამავდროულად სურდა კონტრაქტის გაგრძელება, 2016 წლის აგვისტოში, დაამზადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სპეციალური დანიშნულების ბრიგადაში ,,სპეციალური დანიშნულების” კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ყალბი ასლი, რომელიც შემდეგ წარადგინა სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის ზემოხსენებულ ჰოსპიტალში წარდგენით, თავდაცვის მინისტრის №360 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 17 აგვისტოს №----- სამედიცინო შემოწმების ბარათით მ------ ნ------–---–ს განესაზღვრა რეალურთან შედარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთი საფეხურით უკეთესი - ,,ბ” კატეგორია (ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვებით).
ü ს---–---- გ-------–-–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ-------------–--------------------–- დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის I ასეულის I ოცეულის მსროლელს, სამედიცინო მაშველს, კაპრალ ს---–---- გ-------–-–---–ს 2016 წლის 8 ოქტომბერს ეწურებოდა სამხედრო სამსახურის გავლის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, რომლის გასაგრძელებლად საჭირო ოყო სამედიცინო კომისიის გავლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის №360 ბრძანებით მოქმედი დებულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ნებისმიერი ტიპის დანაყოფში პირის სამხედრო შტატზე დასანიშნად ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნა იყო მხოლოდ ,,ა” (ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის) კატეგორიის შესაბამისი. ვინაიდან ს.გ-------–-–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა და ამავდროულად სურდა კონტრაქტის გაგრძელება, 2016 წლის ივლისში, დაამზადა დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონში „რეინჯერთა” კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის ყალბი ასლი, რომელიც შემდეგ წარადგინა სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის ზემოხსენებულ ჰოსპიტალში წარდგენით, თავდაცვის მინისტრის №360 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 22 ივლისს №----- სამედიცინო შემოწმების ბარათით ს---–---- გ-------–-–---–ს განესაზღვრა რეალურთან შედარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთი საფეხურით უკეთესი - ,,ა” კატეგორია (ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის).
ü მ-----– ფ------–---ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს: სერჟანტ-ზ---- ჯ------–-–---–ს, რიგით-ს---–---- გ-------–-–---–ს, უმცროს სერჟანტ-გ------- ვ-----ს, კაპრალ-ვ----– შ---–---–ს და კაპრალ - ტ------- გ---–---–ს ეწურებოდათ სამხედრო სამსახურის გავლის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, რომლის გასაგრძელებლად საჭირო იყო სამედიცინო კომისიის გავლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის №360 ბრძანებით მოქმედი დებულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ნებისმიერი ტიპის დანაყოფში პირის სამხედრო შტატზე დასანიშნად ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნა იყო მხოლოდ ,,ა” (ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის) კატეგორიის შესაბამისი. ვინაიდან ზემოხსენებულ პირებს ჰქონდათ ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა და ამავდროულად სურდათ კონტრაქტის გაგრძელება, დახმარება სთხოვეს სა------------------–--------------------–- დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის ექიმს-მ-----– ფ------–---ს, რომლისთვისაც ცნობილი იყო სამედიცინო კომისიაზე ჯანმრთელობის კატეგორიების მინიჭების პროცედურები.
2015 წლის აპრილში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ სპეციალური ოპერაციის ძალების მხარდამჭერი ასეულის პირველი კლასის რიგითს - ვ----– შ---–---–ს სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად დაუმზადა რეინჯერთა კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის ყალბი ასლი.
2015 წლის დეკემბერში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის მძღოლს - კაპრალ ტ------- გ---–---–ს სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად დაუმზადა რეინჯერთა კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის ყალბი ასლი, რომელიც შემდგომ მ.ფ------–---მ თავადვე წარადგინა ხსენებული სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
2016 წლის ივნისში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის მძღოლს-სერჟანტ ზ---- ჯ------–-–---–ს სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად დაუმზადა რეინჯერთა კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის ყალბი ასლი, რომელიც შემდგომ მ.ფ------–---მ თავადვე წარადგინა ხსენებული სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
2016 წლის ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის შეიარაღების, უზრუნველყოფის სერჟანტს-გ------- ვ-----ს სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად დაუმზადა და გადასცა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.
2016 წლის ივლისში საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირველი ასეულის მსროლელს, კაპრალ-ს---–---- გ-------–-–---–ს სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად დაუმზადა რეინჯერთა კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის ყალბი ასლი, რომელიც შემდგომ მ.ფ------–---მ თავადვე წარადგინა ხსენებული სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
აღნიშნული დოკუმენტების სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში წარდგენით თავდაცვის მინისტრის №360 ბრძანებით ხსენებულ სამხედრო მოსამსახურეებს განესაზღვრათ რეალურთან შედარებით ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთი საფეხურით უკეთესი კატეგორიები.
ü გ------- ვ-----ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ-------–--–-----–-–-------–- დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის შეიარაღების უზრუნველყოფის სერჟანტს - გ------- ვ-----ს 2016 წლის 11 სექტემბერს ეწურებოდა სამხედრო სამსახურის გავლის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, რომლის გასაგრძელებლად საჭირო იყო სამედიცინო კომისიის გავლა. 2016 წლის ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ გ------- ვ-----ს სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად დაუმზადა და გადასცა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი. აღნიშნული დოკუმენტი მან წარადგინა ზემოხსენებულ ჰოსპიტალში არსებულ სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე.
ü ვ----– შ---–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ-------------–--------------------–- დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ასეულის ნაღმტყორცნი ოცეულის პირველი ათეულის მესამე გათვლის მემიზნეს, პირველი კლასის რიგითს - ვ----– შ---–---–ს 2015 წლის 20 ივნისს ეწურებოდა სამხედრო სამსახურის გავლის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, რომლის გასაგრძელებლად საჭირო იყო სამედიცინო კომისიის გავლა. 2015 წლის აპრილში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ ვ----– შ---–---–ს სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად დაუმზადა რეინჯერთა კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის ყალბი ასლი. ვ----– შ---–---–მა აღნიშნული დოკუმენტი წარადგინა ზემოხსენებულ ჰოსპიტალში არსებულ სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
მ------ ნ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი;
ს---–---- გ-------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
მ-----– ფ------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ----– შ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
გ------- ვ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი;
ცნობად იქნა მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია.
გირაოს შემტან პირებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა დავით კვინიკაძემ საჩივრით ითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება მ-----– ფ------–---ს ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ვ----– შ---–---–ისა და გ------- ვ-----ს დამნაშავედ ცნობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან ერთად, ასევე მისი შეძენისათვის; ხოლო მ------ ნ------–---–-ს დამნაშავედ ცნობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან ერთად, ასევე მისი დამზადებისთვის; ს---–---- გ-------–-–---–-ს მიმართ - განაჩენის უცვლელად დატოვება.
- მსჯავრდებულმა ს---–---- გ-------–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ მ----–-----მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ს---–---- გ-------–-–---–-ს მიმართ და მისი გამართლება.
- მსჯავრდებულმა მ------ ნ------–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლისა და სააპელაციო საჩივრების მოსმენის შემდეგ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა თავად ყალბი დოკუმენტი.
სააპელაციო პალატამ დაცვის მხარის მოსაზრება არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობისთვის მთავარია დადგინდეს, კონკრეტული დოკუმენტი შეიცავს თუ არა ყალბ მონაცემებს და არა ის, დედანია იგი, თუ ასლი. თუ ყალბი დოკუმენტის ასლის მეშვეობითაც შეუძლია პირს მიიღოს რაიმე უფლება ან გათავისუფლდეს რაიმე მოვალეობისაგან, მაშინ დედნის არსებობა, როგორც სავალდებულო პირობა, აზრს კარგავს და ნორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში ყალბი დოკუმენტის ასლის წარდგენა მაინც შეასრულებდა იმ მიზანს, რისთვისაც იგი იქნებოდა წარდგენილი, ხოლო დამნაშავეს აარიდებდა პასუხისმგებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ასლია. ბუნებრივია, როდესაც რაიმე დოკუმენტის ასლი კეთდება, მასზე რთული შესამჩნევია ზემოქმედების კვალი, რაც ნამდვილის შთაბეჭდილებას ტოვებს და უფრო აიოლებს ადრესატის შეცდომაში შეყვანას. ამიტომ შეუძლებელია კანონმდებელს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის შემოღებით ამგვარი სიცარიელე დაეტოვებინა და ეს შემთხვევაც არ მოეაზრებინა მის შემადგენლობაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ თავად მუხლის დისპოზიციაში არსადაა საუბარი იმაზე, რომ დოკუმენტი უპირობოდ დედნის სახით უნდა არსებობდეს. ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავე წარადგენს ისეთ დოკუმენტს, რომელიც ბუნებაში არც არსებობს. სწორედ ასეთი შემთხვევების პრევენციას ემსახურება სისხლის სამართლის კოდექსში 362-ე მუხლის არსებობა.
ის გარემოება, რომ დოკუმენტები ასლების სახით იყო ყალბი, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ყალბია ოფიციალურ დოკუმენტში შეტანილი (ასახული) ისეთი ცნობა, ინფორმაცია, მოვლენა და ა.შ., რომლის შინაარსი არ შეესაბამება რეალობას ანდა არ მომხდარა იმ შინაარსით, მოცემულობითა და ფაქტობრივი გარემოებებით, როგორც ამას გადმოსცემს ოფიციალურ დოკუმენტში შეტანილი ესა თუ ის ცნობა (ინფორმაცია). იმ პირობებში, როდესაც ვ----– შ---–---–ს, გ------- ვ-----ს, მ------ ნ------–---–ს, ს---–---- გ-------–-–---–ს არ ჰქონიათ გავლილი შესაბამისი კურსები და შემოწმების დროს წარდგენილ იქნა მათ სახელზე გაცემული სერტიფიკატები, მიუთითებს სწორედ სიყალბეზე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას: მ-----– ფ------–---ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ხოლო მ------ ნ------–---–-ს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ვ----– შ---–---–ისა და გ------- ვ-----ს მიმართ კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენის ნაწილში, სააპელაციო პალატამ იგი არ გაიზიარა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება გულისხმობს როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, ისე - ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლასა და გაყალბებას. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ-----– ფ------–---ს მიერ რეინჯერთა კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის ყალბი ასლებისა და გ------- ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლების დამზადება, ისევე, როგორც მ------ ნ------–---–-ს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სპეციალური დანიშნულების ბრიგადაში, ,,სპეციალური დანიშნულების” კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ყალბი ასლის დამზადება.
სხდომაზე დაკითხვისას არცერთ დაკითხულ პირს არ დაუდასტურებია მ-----– ფ------–---ს მიერ სერტიფიკატების დამზადებისა და გასაღების ფაქტი. სამხედრო საექიმო კომისიის წევრებს არ განუმარტავთ, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, კომისიაზე გავლისას, მსჯავრდებულებს მიჰყვა ექიმი მ-----– ფ------–---. ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პირებს ხშირად მიჰყვებათ მათი დანაყოფის ექიმი, რომელიც ამ შემთხვევაში იყო მ-----– ფ------–---, არ ადასტურებს მის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენასა და გასაღების ფაქტს.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა ახსნა-განმარტებებზე, რომელთა გამოქვეყნებაზეც, ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად განუცხადა უარი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში ახსნა-განმარტებებს, როგორც მტკიცებულებებს, უნდა დაყრდნობოდა სასამართლო და მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „ალექსანდრ ზაიჩენკო რუსეთის წინააღმდეგ“ (Aleksandr Zaichenko v. Russia, 18 თებერვალი, 2010 წელი, განაცხადი 39660/02, პარ. 52-60). ამ საქმეში განმცხადებელი, რომელიც სახლში მიდიოდა, გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც შეადგინეს ინსპექტირების ოქმი და ასევე განმცხადებელს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება, რომელშიც მან აღიარა სამსახურებრივი ავტომანქანიდან საკუთარი გამოყენებისათვის საწვავის ამოღება. საბოლოოდ კი განაჩენი დაეყრდნო მათ შორის აღნიშნულ ახსნა-განმარტებასაც, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რადგან განმცხადებელმა აღნიშნული ინფორმაცია დუმილისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებების შესახებ წინასწარი ინფორმირების გარეშე მისცა. მოცემულ შემთხვევაშიც, ახსნა-განმარტების მიცემისას, მსჯავრდებულები არავის გაუფრთხილებია დუმილისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებების შესახებ, რის გამოც სააპელაციო პალატამ წარმოუდგენლად მიიჩნია ახსნა-განმარტებების მსჯავრდებულთა წინააღმდეგ გამოყენება. ამასთან, მოცემულ სიტუაციაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ვითარებაში და რა წარმოების ფარგლებში მისცეს მსჯავრდებულებმა აღნიშნული ახსნა-განმარტებები. მთავარია, როდესაც მათი გამოყენება ხდება მსჯავრდებისათვის, ისინი უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ბრალდების მხარე ასევე უთითებს, რომ სწორედ მ------ ნ------–---–მა დაამზადა სპეციალური დანიშნულების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ყალბი ასლი, რადგან დოკუმენტი გამოართვა ნათესავს - თ----- მ--–----–---–ს, რაც არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ყალბი დოკუმენტის დამზადების მსჯავრდებისთვის.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი მ-----– ფ------–---ს ბრალეულობის დასადგენად ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გასაღების ეპიზოდში, ასევე უსაფუძვლოა გ------- ვ-----სა და ვ----– შ---–---–ის ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში, კერძოდ იმაში, რომ საკუთარ სამუშაო კაბინეტში მ-----– ფ------–---მ სსიპ გ.აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო-საექიმო მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე წარსადგენად მათ დაუმზადა და გადასცა სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლები. საბოლოოდ საფუძვლიანია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მიიჩნია, რომ მ-----– ფ------–---ს დანაშაული არ ჩაუდენია, მ------ ნ------–---–ს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი არ დაუმზადებია, ხოლო გ------- ვ-----სა და ვ----– შ---–---–ს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი არ შეუძენიათ.
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ------ ნ------–---–მა, გ------- ვ-----მ, ვ----– შ---–---–მა და ს---–---- გ-------–-–---–მა მიიღეს შეღავათები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის N360-ე ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულმა პირებმა შემოწმება გაიარეს არა იმ გრაფის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მათ რეალურად ეკუთვნოდათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მიღება, არამედ - მესამე გრაფით. აღნიშნული გრაფით შემოწმების შედეგად კი მიიღეს ერთი საფეხურით მაღალი კატეგორია, რაც სწორედ მათ ინტერესს შეადგენდა.
კონტრაქტებით დგინდება, რომ მ------ ნ------–---–სა და გ------- ვ-----ს კონტრაქტის ვადა ეწურებოდათ 2016 წლის 11 სექტემბერს, ვ----– შ---–---–ს - 2015 წლის 20 ივნისს, ხოლო ს---–---- გ-------–-–---–ს - 2016 წლის 8 ოქტომბერს. გენერალური შტაბის მიმართვებით ასევე დგინდება, რომ ზემოაღნიშნული პირები კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამხედრო საექიმო კომისიაზე ვარგისიანობის დადგენის მიზნით, გადაიგზავნენ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.
თავდაცვის მინისტრის №360-ე ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულია კატეგორიები: ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“, რომელთა შინაარსი დეტალურად განუმარტეს სასამართლოს მოწმეებმაც. ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულია გრაფებიც, რომლებითაც პირები მოწმდებიან. მეორე გრაფით მოწმდებიან კაპრალ-სერჟანტები, ხოლო მესამე გრაფით - ოფიცრები, ასევე ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ გარკვეული კურსი. ვ----– შ---–---–მა, გ------- ვ-----მ, მ------ ნ------–---–მა და ს---–---- გ-------–-–---–მა შემოწმება გაიარეს მე-3 გრაფით, რითაც მიიღეს შეღავათები და ჯანმრთელობის ერთი საფეხურით მაღალი კატეგორია.
დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ვინაიდან დაუდგენელია იმ პირთა წრე, ვისაც შეეძლო სამედიცინო კომისიაზე დოკუმენტაციის წარდგენა, აღნიშნული გამორიცხავს მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვისთვისაც მომგებიანი იყო ყალბი სერტიფიკატების წარდგენა, სწორედ მსჯავრდებული იყო. არცერთი სხვა გარეშე პირის ინტერესს არ წარმოადგენდა მ------ ნ------–---–-, გ------- ვ-----, ვ----– შ---–---–ი და ს---–---- გ-------–-–---–- გააგრძელებდნენ თუ არა სამხედრო სამსახურს. ასევე მნიშვნელოვანია კომისიის თავმჯდომარის - რ----- ტ-------–---–-ს ჩვენება, რომელმაც მიუთითა წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების ჩაბარების გამონაკლის შემთხვევებზე, ხოლო კონტრაქტით მომუშავე პირებზე განმარტა, რომ დოკუმენტებს პირადად წარმოადგენდნენ.
ის გარემოება, რომ მოწმეებმა ვერ გაიხსენეს, თუ კონკრეტულად რომელმა პირმა წარადგინა სერტიფიკატი, არ გამორიცხავს ზემოაღნიშნულ პირთა ბრალეულობას. მოწმეებმა განმარტეს, თუ რა დაავადებები აღენიშნებოდათ შესამოწმებელ პირებს და სერტიფიკატების გარეშე ჯანმრთელობის მდგომარეობის რომელ კატეგორიას მიიღებდნენ.
გ------- ვ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სერტიფიკატის გარეშე შეფასდებოდა ,,გ“ კატეგორიით, რაც ნიშნავს სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისს. ს---–---- გ-------–-–---–ს, სერტიფიკატის გათვალისწინებით, მიენიჭა ,,ა“ კატეგორია. ვ----– შ---–---–ს აღენიშნებოდა ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი, რომელიც ითვალისწინებდა ,,ბ“ კატეგორიით შეფასებას, მაგრამ სერტიფიკატის წარდგენის გამო მიენიჭა ,,ა“ კატეგორია. მ------ ნ------–---–ს, ასევე სერტიფიკატის წარდგენის გამო მიენიჭა ,,ა“ კატეგორია. მოწმეთა განმარტებით, სერთიფიკატების გარეშე, მათ მიერ შემოწმებული პირები ვერ შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას სპეცნაწილებში, რადგან, როგორც მათთვის იყო ცნობილი, 360-ე ბრძანების საფუძველზე ,,ბ“ კატეგორია არ ითვალისწინებდა სპეცნაწილში მუშაობას.
მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება სამედიცინო შემოწმების ბარათებსა და სერტიფიკატის ასლებს. სერტიფიკატების სიყალბე დადასტურდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წერილებით, რომელთა მიხედვითაც, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს: მასტერ-სერჟანტ მ------ კ--------ს ძე ნ------–---–ს (პ/ნ 2----------), უმცროს სერჟანტ გ------- ჯ----–-ს ძე ვ-----ს (პ/ნ 2----------), ვ----– ზ-------ს ძე შ---–---–ს (პ/ნ 5----------) და I კლასის რიგითს ს---–---- გ-------ს ძე გ-------–-–---–ს (პ/ნ 3----------) სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსი (ათეულის მეთაურის კურსი) არ გაუვლიათ. ასევე სამხედრო მოსამსახურეებს: რეზერვის მასტერ-სერჟანტ მ------ კ--------ს ძე ნ------–---–ს, კაპრალ ვ----– ზ-------ს ძე შ---–---–ს და კაპრალ ს---–---- გ-------ს ძე გ-------–-–---–ს არ აქვთ გავლილი ,,რეინჯერის“ ან ,,სპეცდანიშნულების“ კურსები.
აღნიშნული სერტიფიკატების სიყალბე ასევე დადასტურებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბ--- ო----–---–-ს 2017 წლის 10 იანვრის წერილით და სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის კურსის დიპლომის აღრიცხვის წიგნებით, რომელთა მიხედვითაც, რეალურად ეს სერტიფიკატები გაცემულია სხვა პირებზე.
სამხედრო-საექიმო კომისიის წევრებმა: ქ------- დ--–---–---–მა, ნ-----–---- კ------–---–მა, ზ---- მ----–---მ, ლ--–- გ-----მ კომისიაზე სერტიფიკატების წარდგენასთან დაკავშირებით განმარტეს, რომ სამედიცინო ბარათი, სერტიფიკატთან ერთად, კომისიაზე შეაქვს უმცროს ექიმ-მედდას, რომელსაც ჩაბარებული ჰყავს შესამოწმებელი პირები. სერტიფიკატი შეიძლება მიიტანოს უშუალოდ სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც აქვს გავლილი გარკვეული კურსი ან მიიტანოს სამხედრო ნაწილის წარმომადგენელმა. შესამოწმებელი პაციენტი ინფორმირებულია, თუ რა დოკუმენტებია წარდგენილი კომისიაზე, ასევე ინფორმირებულია, სერტიფიკატთან დაკავშირებითაც.
დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოს, მსჯავრდებულებმა არ იცოდნენ თავიანთი დაავადებებისა და კომისიის წინაშე წარდგენილი რაიმე კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლების შესახებ, დამაჯერებლობასაა მოკლებული. სამხედრო-სამედიცინო კომისიის ყველა წევრმა დაადასტურა, რომ შესამოწმებელი პირები კომისიაზე წარდგენისას ინფორმირებულნი იყვნენ როგორც თავიანთი დაავადებების, ასევე - წარდგენილი დოკუმენტაციის შესახებ. ამ მხრივ დასაბუთებულია სასამართლოს განმარტება, რომ ეჭვს არ იწვევდა ბრალდებულების მიერ საკუთარი დაავადებების გამო შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი და საჭირო კატეგორიის მიუღებლობის გაცნობიერება, რის გამოც გამოიყენეს ყალბი სერტიფიკატები, შეცდომაში შეიყვანეს სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის №360 ბრძანებით მიენიჭათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფში პირის სამხედრო შტატზე დასანიშნად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კატეგორია. ის ფაქტი, რომ ერთით მაღალი კატეგორიის მინიჭება უცხო არ ყოფილა მსჯავრდებულთათვის, პალატისთვის უტყუარს ხდის მათ მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ------ ნ------–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ტ--------–---–მა და მსჯავრდებულმა ს---–---- გ-------–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ მ----–-----მა. დაცვის მხარე ითხოვს ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩვრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მ------ ნ------–---–-სა და ს---–---- გ-------–-–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მათი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია უტყუარ, ერთმანეთთან თანხვდენილ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ------ ნ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ტ--------–---–-ს, მსჯავრდებულ ს---–---- გ-------–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ მ----–------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე